„ჩემი ოჯახიდან გამომყვა რწმენა, ბედნიერებისა და სიხარულის განცდა და ის ფასეულობები, რასაც ჩემმა მშობლებმა მაზიარეს.“-გვითხრა ამ მასალის გმირმა.მისი ამბავი ის შემთხვევაა, როცა კონკრეტული პროფესიისადმი ინტერესი და სიყვარული ოჯახში მამიდან შვილზე გენეტიკურად გადადის. მოსკოვში მცხოვრებმაახალგაზრდა, წარმატებულმაონკო-ქირურგმა, დიმიტრი ახალაძემ ცნობილი ბაბუის, გერმანე ახალაძის და ასევე ცნობილი მამის, ონკო-ქირურგ გურამ ახალაძის მიერ დაწყებულიგზა ღირსეულად გააგრძელა. მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის დამთავრების მერე სამუშაო გამოცდილება მოსკოვის სამეცნიერო ცენტრში და აკადმიკოს შუმაკოვის სახელობის ტრანსპლანტოლოგიის სამეცნიერო ცენტრში მიიღო. ქართველმა ექიმმა სამუშაოდ ერთ-ერთი რთული სპეციფიური დარგი აირჩია, როგორიცაა, ღვიძლის ტრანსპლანტაცია და ბავშვთა ონკოქირურგია. შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ამ დარგში წარმატებული ექიმია. .
დიმიტრი ახალაძე მასწავლებელ აკადემიკოს გოტიესთან ერთად
© photo: courtesy of Dimitri Akhaladze
- ბატონო დიმიტრი, რომ არა მამა და ბაბუა, პროფესიის არჩევაში ასეთი მტკიცე გადაწყვეტილებას მიიღებდით?
-შესაძლოა არც მიმეღო. შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილება ქირურგი გავმხდარიყავი, ლამის სამი წლის ასაკში მივიღე. რადგან მამა ჩემთვის ადრეული ბავშვობიდან მისაბაძი მაგალითი იყო და ყოველთვის მინდოდა მას დავმსგავსებოდი. დავამთავრე მოსკოვის 35-ე სკოლა, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტებზეა ორიენტირებული. თუმცა პირველი ორი კლასი თბილისის 55-ე სკოლაში დავხურე. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა იმაში, რომ საშუალება მომეცა ურთიერთობა მქონოდა ღირსეულ ადამიანებთან, როგორც მოსკოვში, ისევე თბილისში.
- შეიძლება ითქვას, რომ წინაპრების საქმე ღირსეულად გააგრძელეთ...
- მადლობელი ვარ, მაგრამ, იმედია, ეს გზა ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამივლია. სრულყოფილ პროფესიონალად რომ ჩამოვყალიბებულიყავი, ტრადიციული ეტაპები გავიარე, რაც გულისხმობს სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს მორიგეობებს, ქირურგიაში კვირაში ორჯერ ღვიძლის გეგმიურ ტრანსპლანტაციის ოპერაციებში მონაწილეობას და ა.შ. ჩატარებულმა ოპერაციებმა, რომლის დროსაც პაციენტების ნაწილი ბავშვები იყვნენ, წარმატებამ თუ წარუმატებლობამ, ჯერ კიდევ სტუდენტობისას სიღრმისეულად ვსწავლობდი ღვიძლის ონკოქირურგიას, ნაღვლის სადენებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ონკოქირურგიას მოზრდილებსა და ბავშვებში. ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნდა.
გამარჯვების სიხარული - პატარამ მკურნალობის ურთულესი კურსი გაიარა და დღეს ჯანმრთელია
© photo: courtesy of Dimitri Akhaladze
- მიღებულმა გამოცდილებამ რაში დაგარწმუნათ?
- მიღებულმა გამოცდილებამ იმაში დამარწმუნა, რომ ორგანოების ტრანსპლანტაცია არის ის, რასაც მინდა მთელი ცხოვრება მივუძღვნა და რის გამოც ჩემი ამ სამყაროში გაჩენა ღიდა. შემდეგ გამიტაცა ონკოლოგიის სფერომ როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. არატრადიციული მარტო ის იყო, რომ ქირურგიაში ჩემი ჩამოყალიბება უფრო რთულით – ტრანსპლანტაციით დაიწყო. თითქმის ყველაფერი სწორედ იმ პერიოდში შევისწავლე. ესაა მოზრდილებსა და ბავშვებში ორგანოების, უპირატესად ნათესაური და გვამური ტრანსპლანტაცია. კუჭუკანა ჯირკვლის გადანერგვა თირკმელთან ერთად და მის გარეშე, წვრილი ნაწლავის ტრანსპლანტაცია და ფილტვის ტრანსპლანტაცია.
- ამ სფეროში თქვენს მიღწევებზე რომ ისაუბროთ...
- ღვიძლის სიმსივნეების შემთხვევაში ჩვენი მიღწევები დღეს ბავშვთა ონკოქირურგიაში უნიკალურია მსოფლიოს მაშტაბით. იმ შედეგებს, რომლის მისაღწევად ადრე ღვიძლის ტრანსპლანტაცია გარდაუვალად ითვლებოდა, დღეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ რეზექციით მივაღწიოთ. ასეთი ოპერაციების ნაწილს უკვე ლაპარასკოპიური მეთოდით ვასრულებთ. არადა, ჯერ კიდევ ახლო წარსულში ეს წარმოუდგენლად ითვლებოდა. ტრანსპლანტოლოგიაში მუშაობის პერიოდში გამოვეცი სერიოზული ნაშრომი -დიდი წიგნი ბავშვებში ღვიძლის ტრანსპლანტაციის შესახებ. ეს ჩემთვის დაახლოებით იმავეს ნიშნავდა, რაც მუსიკოსისთვის საკუთარი დისკის გამოშვება წარმოადგენს. ბავშვების სწორი მკურნალობის აღმოჩენის შემთხვევაში სიმსივნით დაავადებული პაციენტების გამოჯანმრთელების პროცენტი 85%-ს უახლოვდება, რაც აშკარად კარგი შედეგია. დღეს ჩვენ უკვე გაგვაჩნია შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რათა მომავალში უკეთეს მაჩვენებელს მივაღწიოთ.
მეუღლესთან ერთად
© photo: courtesy of Dimitri Akhaladze
- წარმატებული ექიმი პირად ცხოვრებაშიც ბედნიერია, არა?
- პირად ცხოვრებას რაც შეეხება, მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი და ორი მომხიბვლელი გოგონა, რომლებიც სიცოცხლეს მილამაზებენ, კიდევ კარგი სამეგობრო, რომელთან ერთადაც სამსახურისგან თავისუფალ იშვიათ მომენტებს სიამოვნებით ვატარებ.
ნინო მამულაშვილი