2027 წლისთვის ყველა სკოლა ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება - პრემიერი

პრემიერის თქმით, 2024 წელს დაახლოებით 250 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. 2027 წლისთვის საქართველოში ყველა სკოლა გარემონტდება და აშენდება ერთიანი ევროპული სტანდარტით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ზოგადი განათლების რეფორმის“ პრეზენტაციაზე.
2022-2023 წლებში მთლიანობაში 71 საჯარო სკოლის სრული სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, 200 საჯარო სკოლაში კი ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
„იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი სკოლა აშენდა და რეაბილიტირდა ბოლო წლებში, ჩვენ დავიწყეთ 1000- მდე ახალი სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა, მილიარდი ლარი დაიხარჯება. ამ პროექტის ფარგლებში ყველა სკოლა 2027 წლისთვის რეაბილიტირებული და აშენებული იქნება, შეიძლება ითქვას, ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2024 წელს დაახლოებით 250 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
„შარშან დავაკონტრაქტეთ რამდენიმე ასეული სკოლა, წელსაც უკვე მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და გაისად, 2024 წელს დაგეგმილია დაახლოებით 250-მდე ახალი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაციაც”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები ღირსეულ პირობებში ატარებდნენ დღეს, იღებდნენ ცოდნას და ასწავლიდნენ ჩვენს შვილებს, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
რა ელოდება საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემას? >>
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საქართველოში 2022 წლის შემოდგომაზე მასშტაბური პროექტის - 800 სკოლის მშენებლობა და განახლება დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რომლითაც 230 ათასზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.
პროექტის ღირებულება 1 მლრდ ლარის.