თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფოს აქტიური პოლიტიკა მნიშვნელოვანია კურორტების განვითარებისთვის, ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისში პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე – „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები“.
ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოში კურორტების განვითარების საჭიროებაზე, ამ სექტორის პოტენციალის მაქსიმალურად სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში სახელმწიფოს როლზე ისაუბრა.
„კურორტების განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს აქტიური პოლიტიკა, ასევე კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა სტრუქტურასა და ეკონომიკის სამინისტროს ქვეუწყებებს შორის. ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა – მიმდინარეობს რეგიონების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, კურორტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს ტურისტული პოტენციალის განხორციელების კუთხით.
„საქართველოს დიდი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, აღვადგინოთ ძველი კურორტები და განვავითაროთ ახალი საკურორტე ადგილები, რათა საბოლოოდ უფრო მეტი ღირებულება შევქმნათ ტურიზმის სექტორში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2022 წელს შეიქმნა ახალი, „კურორტების განვითარების სააგენტოს“ შექმნაზე, რომლის ამოცანაა არსებული და ახალი კურორტების განვითარება შესაბამისი სივრცითი გეგმების საფუძველზე და ასევე, გათვალისწინებული იქნას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი, მათ შორის სოციალური, კულტურული და ა.შ.
ერთი წლის განმავლობაში სააგენტომ 200-ზე მეტი კურორტისა და საკურორტე ადგილის არსებული მდგომარეობა შეისწავლა. შედეგად, შერჩეულ იქნა 60 შედარებით მეტი პოტენციალის მქონე ლოკაცია, სადაც საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიების მიერ ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები ჩატარდა.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს ხანებში იგეგმება ცალკე სამუშაო შეხვედრა ბიზნესსექტორთან, სადაც მათ ამ კონკრეტული ლოკაციების საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის საშუალება ექნებათ.
ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინტერესების სწორად გათვალისწინება, შესაბამისად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება და დაბალანსება კერძო სექტორთან სწორი თანამშრომლობის გზით.
კონფერენციაში მონაწილეობენ საჯარო, კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.
კონფერენციის ფარგლებში ორი თემატური სესია იმართება: კურორტების მდგრადი განვითარება: ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივები; კურორტების განვითარების სოციალური და ეკონომიკური შედეგები.
კურორტების განვითარება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში იწყება ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი მასშტაბური ხუთწლიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელზეც ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება.
პროექტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
პროგრამა ხუთწლიანია, მის პირველ ეტაპზე შერჩეულია 11 ადგილმდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი. პირველ ეტაპზე 2023 წელს პროექტის რეალიზაციაზე 200 მლნ ლარი გამოიყოფა.
პროგრამის ფარგლებში განახლდება ბორჯომის ისტორიული ნაწილი და ცენტრალური პარკი; განვითარდება წყალტუბოს ცენტრალური პარკი და ცივი ტბის ახალი რეკრეაცია; მოეწყობა ზუგდიდის ახალი ბულვარი; განახლდება ქუთაისის ისტორიული არეალი, ბოტანიკური ბაღი და კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრს; თელავში განვითარდება ბატონის ციხე და მისი მიმდებარე არეალი, ასევე კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრს.
გარდა ამისა, განახლდება ბათუმის ისტორიული ნაწილი და განვითარდება რეკრეაცია. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ყაზბეგის, ბაკურიანისა და მესტიის მუნიციპალიტეტების ისტორიული არეალების განახლებასა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას.