„ნაცმოძრაობას" აპოკალიფსი დაუდგა - დეპუტატი

მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, რომლებიც ქვეყანაში აპოკალიპტურ სცენარს წინასწარმეტყველებდნენ, თავად მიიღეს აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ბექა ოდიშარიამ.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
„მას საბოლოო ჯამში დავარქმევდი შემდეგს: რასაც დასთეს, იმას მოიმკი, მთელ საქართველოს უწინასწარმეტყველებდნენ და ხატავდნენ აპოკალიპტიკურ სცენარებს და თავად მიიღეს რეალური აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში", - განაცხადა ოდიშარიამ.
მისი თქმით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ადამიანი, რომელსაც არანაირი უნარები არა აქვს, არ არის კონსტრუქციული, ვერ გაუმკლავდა მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობას.
„იმდენად შეაძულა თავი თავისი პარტიის წევრებს, რომ არა მხოლოდ ხაბეიშვილის გადადგომა, არამედ საერთოდ პოსტის გაუქმებას ითხოვენ. უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს. მესმის ამ პარტიის წევრების", - აღნიშნა ოდიშარიამ.
გასულ კვირაში რიგი რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საკრებულოების დეპუტატებმა „ნაცმოძრაობიდან" თავმჯდომარის პოსტიდან ხაბეიშვილის გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს. მათ ხაბეიშვილს მოუწოდეს, აიღოს პასუხისმგებლობა უმოქმედობისა და პარტიაში შიდა დაპირისპირების გაღრმავებაზე, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მან მელია ამ თანამდებობაზე შეცვალა.
ამ ფონზე ორშაბათს „ნაცმოძრაობის" ცხრა წევრმა, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრებმა პარტია დატოვეს და განაცხადეს, რომ მათ „პარტიის ერთიანობის ყველა შანსი ამოწურეს".
კონფლიქტმა „ნაცმოძრაობაში" პიკს მიაღწია - დეპუტატი>>
უკვე სამშაბათს „ნაცმოძრაობა" პარტიის კიდევ 17-მა წევრმა დატოვა, საიდანაც 14 ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატია, ხოლო სამი - ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან სხვადასხვა ღირებულებების გამო მიიღეს.
პარტიის უკვე ყოფილი წევრები ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას ან მელიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ.
რაც შეეხება მელიას, გასულ კვირაში ოფიციალურად განაცხადეს, რომ ნიკა მელია პარტიიდან არის გარიცხული. ამას წინ უძღოდა მელიასა და მისი არცთუ მცირერიცხოვანი მომხრეების უარი, ხელი მოეწერათ „ერთიანობის მანიფესტზე", რომელის სააკაშვილის მიერ იყო ინიცირებული 23 ნოემბერს.
რა შანსები აქვს „ნაცმოძრაობას“ საპარლამენტო არჩევნებზე: სოზარ სუბარი პროგნოზი>>
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ბათუმში „ნაცმოძრაობის“ ცხრა წევრმა პარტია დატოვა>>
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.