კონფლიქტმა „ნაცმოძრაობაში" პიკს მიაღწია - დეპუტატი

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დაშლა გარდაუვალია, დარწმუნებული არიან „ქართულ ოცნებაში".
Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. დაპირისპირება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" (ენმ) თავის პიკს მიუახლოვდა და ეს მის საბოლოო გახლეჩას გამოიწვევს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" გია ცაგარეიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
„ბრძოლა გავლენების მოპოვებისთვის დაჯგუფების შიგნით, ვფიქრობ, თავის პიკს მიუახლოვდა. უბრალოდ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების ადგილი, როგორც ჩანს, ამ ე.წ. პარტიის ჭერქვეშ არ დარჩა. ყველაფერი დასრულდება პარტიის გახლეჩით და დანაწევრებით", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
გასულ კვირაში რიგი რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საკრებულოების დეპუტატებმა „ნაცმოძრაობიდან" თავმჯდომარის პოსტიდან ხაბეიშვილის გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს. მათ ხაბეიშვილს მოუწოდეს, აიღოს პასუხისმგებლობა უმოქმედობისა და პარტიაში შიდა დაპირისპირების გაღრმავებაზე, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მან მელია ამ თანამდებობაზე შეცვალა.
ამ ფონზე ორშაბათს „ნაცმოძრაობის" ცხრა წევრმა, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრებმა პარტია დატოვეს და განაცხადეს, რომ მათ „პარტიის ერთიანობის ყველა შანსი ამოწურეს".
ბათუმში „ნაცმოძრაობის“ ცხრა წევრმა პარტია დატოვა>>
ენმ-ის უკვე ყოფილმა წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის ყველაფერს ეცადნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მიიღეს ის, რომ 2025 წლამდე პარტიაში არაფერი შეიცვლება და 2024 წლის ყველაზე მნიშნელოვან და გადამწყვეტ არჩევნებზე პარტია წარდგება ისე, როგორც არის დღეს.
გასულ კვირაში ოფიციალურად განაცხადეს, რომ ნიკა მელია პარტიიდან არის გარიცხული. ამას წინ უძღოდა მელიასა და მისი არცთუ მცირერიცხოვანი მომხრეების უარი, ხელი მოეწერათ „ერთიანობის მანიფესტზე", რომელის სააკაშვილის მიერ იყო ინიცირებული 23 ნოემბერს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
უხელმძღვანელებს თუ არა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას">>
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.