საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჩამოვიდა

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა CAREC-ის 22-ე კონფერენციაზე, რომელიც თბილისში 30 ნოემბერს გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა კოლეგებთან ერთად პირველად ჩამოვიდა საქართველოში, რათა გაეცნოს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მზადებას, რომელიც 2024 წლის 2-5 მაისს გაიმართება.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში პირველად გაიმართება. 57-ე ყოველწლიურ ფორუმს 4 ათასამდე მონაწილე და გამორჩეული სტუმარი დაესწრება, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, 68 წევრი ქვეყნის დელეგაციები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა CAREC-ის 22-ე მინისტრების კონფერენციაზე, რომელიც თბილისში 30 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიებაზე დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი დოკუმენტი „CAREC-ის ხედვა კლიმატის ცვლილების საკითხზე“.
დაგეგმილია მისი შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან.
საქართველო აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარებისთვის ემზადება >>
საქართველო 2023 წელს CAREC-ის თავმჯდომარე-ქვეყანაა.
CAREC-ის პროგრამა 11 ქვეყნისა და განვითარების პარტნიორის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას.
CAREC 2030 – გრძელვადიანი სტრატეგიული ჩარჩოა ადამიანების, პოლიტიკისა და პროექტების გაერთიანებისთვის რეგიონში მდგრადი განვითარების მიზნით.
საქართველოში ADB-სთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების იმედი აქვთ >>
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.