თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა. ინფორმაცია ამის შესახებ განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებული ორგანიზებისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით.
უწყების ცნობით, დოკუმენტში ასახულია სკოლის კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების რეკომენდაციები – აკრძალული მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა.
როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.
მათივე ინფორმაციით, სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.
ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ შექმნა პეტიცია სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამის დანერგვისა და სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტების, მათ შორის საეჭვო ხარისხის გაზიანი სასმელებისა და ტკბილეულის გაყიდვის შეწყვეტის შესახებ.
ეს თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ოქტომბერში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ერთ-ერთი სოფლის სკოლაში არსებულ ბუფეტში ნამცხვარ „დონატში" ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოავლინეს. უფრო მეტიც, ეს ნამცხვარი ქვეყნის მასშტაბით ბევრ საჯარო სკოლის ბუფეტში იყიდება.
მანამდე განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ სკოლებში კვებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მხოლოდ სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ იქნება შესაძლებელი.