თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს აფთიაქებში ფსიქოტროპული პრეპარატის შეძენა ელექტრონული რეცეპტით მხოლოდ პაციენტის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში.
ახალი წესების მიხედვით, ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში რეცეპტში მითითებული პაციენტის სახელი და გვარი უნდა ემთხვეოდეს წამლის შემძენის ვინაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფთიაქმა მედიკამენტის გაყიდვაზე შეიძლება უარი თქვას.
თუ პრეპარატს იძენს მესამე პირი, მაშინ ის უნდა იყოს პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი ან მასზე უნდა იყოს გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.
აფთიაქში წარდგენილი ყველა დოკუმენტი დასკანირდება და სამი წლის განმავლობაში შეინახება.
ასეთი წესები ვრცელდება პირველი კატეგორიის ფსიქოტროპულ საშუალებებზე, რომელთა მიმოქცევას მკაცრად აკონტროლებს სახელმწიფო და ასეთი პრეპარატების შეძენა მხოლოდ სპეციალიზებულ აფთიაქებშია შესაძლებელი.