საქართველოში დაიწყო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

საქართველო ბოლო წლებში შეუერთდა გაეროს რეზოლუციებს გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით.
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.
გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობის პრევენცია, ისევე როგორც მსხვერპლთა დაცვა, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
„ბოლო წლების მანძილზე საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამ მიმართულებით, რაც განპირობებულია მულტისექტორული, კოორდინირებული მიდგომითა და მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან მთავრობა აღნიშნავს, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის საბოლოო ანგარიშში დადებითად არის შეფასებული გენდერულ ძალადობაზე ინსტიტუციების მიერ რეაგირება და ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს პასუხი ძალადობაზე არის ქმედითი და მკაფიოდ განსაზღვრული.
საქართველოში იზრდება სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვი>>
საქართველო ბოლო წლებში შეუერთდა გაეროს რეზოლუციებს გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით.
ბრძოლა ოჯახურ ძალადობასთან
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. ხელისუფლებამ კანონმდებლობის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
საქართველოს ხელისუფლება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას აწარმოებს.
გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა საკითხებით დაკავებულია არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგიერთი მათგანი დაზარალებულებს დროებით თავშესაფარს სთავაზობს, უწევს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.