თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა ბევრად მარტივი იქნება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შეასრულა წინა 12 მოთხოვნის 80% ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„არის 9 მოთხოვნაა, რომელიც ბევრად უფრო ლოკალური და კონკრეტულია, ვიდრე წინა 12 იყო. წინა 12 რეკომენდაცია ბევრად უფრო მასშტაბური იყო. თუ ამ ახალ 9 მოთხოვნას დააკვირდებით, მიხვდებით, რომ 12 პუნქტიდან მოთხოვნების 80% შესრულებულია. შესაბამისად, უფრო მარტივია ამ 9 პუნქტზე მუშაობა, ვიდრე 12 საკითხზე იყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დანარჩენი სამუშაო პროცესზეა დამოკიდებული. ამასთან „ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ პროცესი ღია იქნება.
„12 პუნქტის ფარგლებშიც შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ ჩართულიყვნენ პროცესში, თუმცა ბევრმა მათგანმა უარი თქვა. ახლაც კიდევ ერთხელ გაკეთდება შეთავაზება. ასევე იქნება სხვა სუბიექტებთანაც თანამშრომლობა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენი მხრიდან აბსოლუტური ღიაობა იქნება“, - აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე შეაფასა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში პარტიების სიმრავლე უამრავ უთანხმოებას ქმნის, რაც ართულებს ქვეყნის წინსვლას.
„ვეთანხმები ევროკავშირის ელჩს, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მაღალი ბარიერი მოქმედებს, მხოლოდ 4 ქვეყანაშია 3% ან უფრო დაბალი ბარიერი. ასეთ პირობებში არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულება არ გვაქვს, რომ დაბლა დავწიოთ ბარიერი. მაღალ ბარიერს, პლუსებიც და მინუსებიც აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
კობახიძის თქმით, მაღალ ბარიერს აქვს როგორ პლუსები, ისე მინუსებიც.
„მთავარი პლუსი ისაა, რომ პროპორციული სისტემის პირობებში მაღალი ბარიერი ერთგვარად სტაბილიზატორის ფუნქციას ასრულებს. ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს სჭირდება სტაბილური განვითარება და ამიტომაა მნიშვნელოვანი 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
პარტიების რეიტინგი
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" - 20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
ტელეარხ „ფორმულას" კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" (9%), პარტიებს „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა" – 4%.
კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.