თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, რომელიც თბილისში გაიხსნა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ევროპული კომპანიების საქმიანობისთვის და ევროპაში ქართული კომპანიების მუშაობისთვის, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2023“ - წლის მთავარი ბიზნეს ღონისძიებაა, რომელიც 21 ნოემბერს თბილისში გაიხსნა. ფორუმის მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა განიხილონ პრობლემური საკითხები და შეაჯამონ მიღწევები ბიზნესის სფეროში.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს. ეს არის ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში ბიზნეს კლიმატი იყოს ხელის შემწყობი საქართველოში ევროკავშირის კომპანიების საქმიანობისა და ქართული კომპანიების საქმიანობისთვის ევროპაში“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ევროპული ბიზნეს ასოციაცია ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოში ბიზნეს კლიმატის ინდექსს და ევროკავშირში ელოდებიან, რომ საქართველოში ბიზნეს-კლიმატის პირობები გაუმჯობესდება.
„ჩვენ გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, კეთილდღეობის გაზრდას“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ევროპის ბიზნეს ასოციაციის მიერ და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის „ევროპის ბიზნეს კლიმატი 2023“ შედეგები. ანგარიში ასახავს ქვეყნის განვითარების სამომავლო ნაბიჯებს და აფასებს რეფორმებს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
ფორუმს ესწრებიან ევროპის ბიზნეს ასოციაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ევროპული პლატფორმის წევრები, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები.