თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში თავდაუზოგავ ბრძოლაში „თელ-ავივ ჰითსი“ ანგარიშით 29:27 დაამარცხა.
წინა თამაშში 1 ნოემბერს „შავმა ლომმა“ სტუმრად პორტუგალიის „ლუზიტანუში“ გაანადგურა - 22:0.
„შავმა ლომმა“ თამაში აქტიურად დაიწყო და პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა, სამი ლელოს დადება მოახერხა, ამას გარდა ლუკა მატკავამ ორი ზუსტი ჯარიმა შეასრულა, რასაც მეტოქემ მხოლოდ ორი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი „შავმა“ ლომმა“ 17-ქულიანი უპირატესობით მოიგო – 23:6.
კოკისპირულმა წვიმამ თამაშში თავისი კორექტივები შეიტანა. თამაშის გაგრძელება გაძნელდა. უამინდობის გამო შესვენება დიდ ხანს გაგრძელდა, რამაც მეტოქეზე მორაგბეებზე უკეთესად იმოქმედა. მეორე ტაიმი მათი უპირატესობით წარიმართა - 17-ქულიანი სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა.
მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა ბოლო წუთებში მეტოქის წნეხს გაუძლეს და ჯგუფური ეტაპი სამი მოგებითა და პირველი ადგილით დაასრულეს.
ევროპის სუპერთასი არის ახალი ტურნირი, რომელიც ორგანიზებულია Rugby Europe-ს მიერ 2021-2022 წლების სეზონზე. ტურნირში მონაწილეობს რვა გუნდი, რომლებიც იყოფა ორ ჯგუფად - აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებად. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.
გასულ სეზონში ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომი“ გახდა. ფინალში ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიურ „ლუზიტანუშს“ ანგარიშით 17:14 მოუგეს.