თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, განაცხადა ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკლ ფრენდომ პრესკონფერენციაზე თბილისში.
ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა დეპუტატებს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.
„ვისაუბრეთ რეკომენდაციებზე, რომლებსაც ვენეციის კომისია გამოსცემს და მათ შესრულებაზე. ეს რეკომენდაციები გახლავთ მინიშნებები, ასევე „წითელი ხაზებიც“ არის მოცემული, თუმცა როგორ აირჩევს საქართველო რეკომენდაციების შესრულების გზებს, ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ფრენდომ.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და მათი დანიშნულება არ არის, უკარნახონ, რა უნდა გაკეთდეს.
„ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ ვართ ექსპერტების ჯგუფი და ჩვენი დანიშნულება არ არის, ვუკარნახოთ, რა უნდა გაკეთდეს, არამედ დიალოგის გზით საქართველოსთან ერთად ვიმოგზაუროთ ამ გზაზე“, - განაცხადა ფრენდომ.
მისი თქმით, ვენეციის კომისიამ მიულოცა საქართველოს დადებითი დასკვნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.
„ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს შემადგენელი ორგანო, მაგრამ ევროკავშირი ხშირად უთითებს ხოლმე ვენეციის კომისიის დასკვნაზე და ვენეციის კომისია მზად არის, კიდევ ერთხელ ყველანაირად დაუჭიროს მხარი საქართველოს თავისი კონსულტაციით, მოსაზრებებით ახალ გზაზე, რომელიც აირჩია ევროკავშირისკენ“, – განაცხადა მაიკლ ფრენდომ.
ამასთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება არის იმ ცხრა ახალი პირობის ნაწილი, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს წაუყენა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღება.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.