თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და გაფართოების საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელ ლორენს მერედიტსა და ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან, რა დროსაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ლორენს მერედიტსა და პაველ ჰერჩინსკის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და კანდიდატის სტატუსის საკითხში საქართველოს მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე მინისტრმა სტუმრებს ქვეყანაში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების გეგმები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო თბილისის საერთაშორისო ევროპულ სკოლასაც, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს და 2024 წლის სექტემბრისთვის დასრულდება.
„გიორგი ამილახვარის თქმით, თბილისის საერთაშორისო ევროპული სკოლის დაარსება უპრეცედენტო ფლაგმანი პროექტია და საქართველოსა და ევროკავშირს შორის წარმატებული პარტნიორობის უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს“, — ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
„საერთაშორისო ევროპული სკოლა – თბილისი“ სამინისტროსა და ევროკავშირის ერთობლივი უნიკალური პროექტია. ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაარსდება.
საერთაშორისო ევროპული სკოლის მშენებლობა თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. შენობა ევროკავშირის სტანდარტებით იგება. 26,090 კვადრატულ მეტრზე განლაგებული სასწავლო კომპლექსი მოიცავს სკოლისა და საერთო საცხოვრებლის შენობებს, რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ბიბლიოთეკასა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეებს.