თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის წევრებს ნდობის უფლებამოსილი საბჭოს შექმნას სთავაზობს, რომელიც, მისი აზრით, გუნდში არაფორმალურ მმართველობას შეაჩერებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
„გთავაზობთ, შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს... მხოლოდ ამ ინიციატივით შეჩერდება არაფორმალური მმართველობით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი", - დაწერა მელიამ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
მელიას ინიციატივით. საბჭოში პარტიის ყველა დაინტერესებულ ჯგუფს უნდა ჰქონდეს თავისი წარმომადგენლობა; ნდობის საბჭო უნდა იყოს ერთადერთი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს პარტიის სტრატეგიასა და ტაქტიკას, აიღებს თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოსა და აღმასრულებელი რგოლის ყველა ფუნქციას.
„ერთობას, ნდობას, თანხმობას და ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს; კარჩაკეტილობამ და არაფორმალურმა მართვამ პარტია უფსკრულის პირას მიიყვანა. უარი უთხარით არაფორმალურ მმართველობას, გააღეთ პარტიის კარი; არა იმისთვის, რომ ხალხი წავიდეს, არამედ იმისთვის, რომ თანამებრძოლები დაბრუნდნენ და ახლები მოვიდნენ მოძრაობაში", - აღნიშნა მელიამ.
მელიას თქმით, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის დღიდან მას არაფერი გაუკეთებია, გარდა „პარტიის ხლეჩისა".
„ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ყველა ის ნეგატიური მოლოდინი, რომელზეც ვაფრთხილებდით საზოგადოებას და ახალ მენეჯმენტს, დღეს სამწუხარო რეალობაა. თითქმის ერთი წლის თავზე ყველასთვის ნათელია მათი მმართველობის შედეგები: პარტია ორად არის გაყოფილი", - აღნიშნა მელიამ.
მისი თქმით, მენეჯმენტის გადაწყვეტილებების შედეგად დაიკარგა ერთიანობა, დაზიანდა ნდობა პარტიის მიმართ, ჩაკვდა პოლიტიკური პროტესტი, პარლამენტში პარტიის წარმომადგენლობა აჩვენებს სრულ პოლიტიკურ უსუსურობას, მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაშია, ხოლო დაქსაქსული პარტია დღითიდღე კარგავს ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური ლიდერის ფუნქციას, ისევე, როგორც ერთობლივი ოპოზიციური დღის წესრიგის შექმნის უნარს.
„ამ არაორდინალურ და მძიმე კრიზისში ყველამ უარი უნდა თქვას პირად პოლიტიკურ ამბიციებზე და დადგეს სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა იმ ღირებულებების ერთგულებისათვის, რომლისთვისაც თავის დროზე შეიქმნა ეს პარტია", - დაწერა მელიამ.
ადრე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა თვის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში".
ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.