თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის მარტ-აპრილში დაიწყება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
„აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა, რომელიც მალე დასრულდება. მაქსიმუმ დეკემბერი-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტ-აპრილში, დაახლოებით ასეთი გეგმა გვაქვს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ადრე საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, კონკურსის საფუძველზე ორი უცხოური კომპანიიდან ერთ-ერთი - შვეიცარიულ-ლუქსენბურგული კომპანია ან ჩინეურ-სინგაპურული კონსორციუმი გახდება სახელმწიფოს კერძო პარტნიორი პროექტში.
ამასთან, 2023 წელს სამშენებლო სამუშაოების მოსამზადებლად სახელმწიფო 20 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.
„პორტის მშენებლობაზე 700 მლნ ლარი გამოიყოფა. 2024 წელს 50 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, 20 მლნ ლარი კი წელს უკვე გამოვუყავით. ჩვენი მხრიდან თანხები უკვე მობილიზებულია და მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება", - განაცხადა პრემიერმა.
2022 წელს სახელმწიფომ ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის სანდო და გამოცდილი პარტნიორების შესარჩევად წამყვანი დასავლელი კონსულტანტები დაიქირავა.
უწყებათშორის სამთავრობო კომისიას კონსულტაციას უწევდა სამი კომპანია – ჰოლანდიური Maritime & Transport Business Solutions, Ports Consultants of Roterdam და ამერიკული Squire Patton Boggs. მათი დახმარებით შედგა კანდიდატების შერჩევის პირობები.
ანაკლიის პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოს პოტენციურ პარტნიორებთან კონსულტაციები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბევრმა კომპანიამ კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა, რის შემდეგაც მათ სახელმწიფოსგან გადაეცათ კვლევები და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაციები.
საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით სულ ოთხი კომპანია დაინტერესდა. მეორე ეტაპზე მხოლოდ ორი კომპანია გავიდა, რომლებმაც დააკმაყოფილეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
ყველაფერი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა, 2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".
ახალი კომპანია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს და მთავრობის თავდაპირველი გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
„საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.