„მკვდარზე ვენოკადაც” ვერ გამოდგებით! - ქადაგიძემ არასამთავრობო სექტორს მიმართა

Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. რამდენი ორგანიზაციაც უნდა გაერთიანდეთ რადიკალ უსამშობლოებთან და თქვენ მეპატრონეებთან ერთად, სხვის გაშლილ სუფრაზე მაინც ვერ დასხდებით, ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე არასამთავრობო სექტორის დღევანდელ მიმართვას ევროკომისიისადმი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
„მკვდარზე ვენოკადაც” ვერ გამოდგებით! 170 კი არა, 250 ორგანიზაცია რომ გაერთიანდეთ რადიკალ უსამშობლოებთან და თქვენს მეპატრონეებთან ერთად, სხვის გაშლილ სუფრაზე მაინც ვერ დასხდებით… იხტუნავეთ რამდენიც გინდათ, აზრი არ აქვს. ეგ წერილები და ხმამაღალი მოწოდებები ერთი წლის წინაც შეგეძლოთ, 6 თვის და 3 კვირის წინაც, მაგრამ ახლა უკვე თქვენმა მატარებელმა ჩაიქროლა“, — წერს ქადაგიძე.
მისი თქმით, პრემიერ ღარიბაშვილისა და „ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების შემდეგ, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქართველო სტატუსს მიიღებს. ქადაგიძეს მიაჩნია, რომ სწორედ ამ ინფორმაციამ აიძულა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რიტორიკა შეეცვალათ, „სხვა ტალღაზე აჭიკჭიკებულიყვნენ“ და სხვისი დამსახურების მითვისება ეცადათ.
„ამ ვიზიტების შემდეგ, <...> ამ საცოდავმა “ენჯეოებმაც”, შეიტყვეს რა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მაღალი ალბათობა, მოინდომეს სხვის სუფრაზე დაჯდომა. ჰოდა, უსამშობლოთა გასაგონად: სტატუსის მაღალი ალბათობა ხელისუფლების დამსახურებაა, მათი პირადი კომუნიკაციებით მიღებული დაპირებაა“, — წერს ქადაგიძე.
მანამდე საქართველოში მოღვაწე 170-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადებით მიმართა ევროკომისიას, ქვეყანაში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მისცეს საქართველოს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.