იმიტირებული „როკი ბალბოა" - იუსტიციის მინისტრი „ნაცმოძრაობის" ლიდერზე

Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს ვურჩევ თავი შეიკავოს მუქარებისგან და ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს და არა როგორც ფილმ „როკი ბალბოას" გმირს , განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
ხაბეიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რამდენიმე წერილი გაუგზავნა, თუმცა მისგან კლინიკა „ვივამედში“ მოთავსებულ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე დადებითი პასუხი არ მიუღია. ხაბეიშვილმა გააფრთხილა პაპუაშვილი, რომ მას პარლამენტში საკუთარ კაბინეტში „ძალიან ცუდ, არასამუშაო გარემოში მოუწევს ყოფნა“. ჩვენ არ ვაპირებთ ამ საკითხის ასე დატოვებას, დასძინა ხაბეიშვილმა.
„ეტყობა, ამ იმიტირებულ „როკი ბალბოას" (ფილმი სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით - რედ.) თავი მართლა „როკი ბალბოა" ჰგონია და ვეღარ ერკვევა, სად არის - სავარჯიშო მოწყობილობასთან თუ პოლიტიკაში. მე მას ნამდვილად ვურჩევდი, რომ ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავოს არაფრისმომცემი, საბრალო მუქარებისგან“, - განაცხადა ბრეგაძემ.
„ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების წინა პერიოდში ხაბეიშვილის ერთ-ერთი დაპირება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო. პარტიულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხაბეიშვილმა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო, თუმცა, საზოგადოებაში აქციებს დიდი რეზონანსი არ გამოუწვევია.
განხეთქილება ახალ ეტაპზე გადავიდა - ნიკა მელიამ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა>>>
იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, სააკაშვილის დაკავების შემდეგ იგი 2,7 ათასამდე პირმა მოინახულა.
„სამართლებრივად, მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერ დავაში სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - გამართლდა საქართველო. მე ტელევიზიებისა და ოპოზიციის მხრიდან ბევრჯერ გამიგია, რომ დაირღვა სააკაშვილის უფლებები, მაგრამ ეს არასდროს არ დადასტურებულა", - განაცხადა ბრეგაძემ.
მსოფლიოში, ალბათ, რთულად თუ მოიძებნება პატიმარი ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული, აღნიშნა მინისტრმა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
მელია vs ხაბეიშვილი: თალაკვაძემ განმარტა, ვინ ვისი გულის და თავისტკივილია>>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.