თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესაძლებლობა განიხილეს ორი ქვეყნის მთავრობათშორისი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის სხდომაზე პეკინში, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2023 წლის 12 სექტემბერს გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
„გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ ვიზების გაუქმების შესახებ მიიღო, ძალიან პოზიტიურად არის აღქმული და შედეგებშიც უკვე აისახა. დღეს არსებული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთთან… საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ვიზების გაუქმება სარკისებურად განიხილება, რისი იმედიც ჩინეთის მთავრობის მხრიდან მაქვს. ეს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის", – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ჩინეთში რვა წლის შემდეგ პირველად გაიმართა მთავრობათშორისი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩინეთის კომერციის სამინისტროს თავმჯდომარეობით, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო. კომისიის ფარგლებში მხარეები თანამშრომლობის ყველა სფეროს შეეხნენ.
„ვისაუბრეთ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ტურიზმის სექტორზე... კომისიის მუშაობა ძალიან პოზიტიური იყო და კომისიის რეგულარული სხდომების ჩატარება მომდევნო წლებშიც დაიგეგმა", – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა და პოტენციალი ძალიან დიდია.
ჩინეთი პანდემიიდან გამოსვლას იწყებს. ეს მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა, რომელსაც ზრდის მაღალი ტემპები ახასიათებს. ასე რომ, ჩინეთთან თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია, განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ჩინეთში გამოცხადდა, რომ ტრანსკასპიური დერეფანი საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ჩინეთის ბიზნესისა და ჩინეთის სამთავრობო წრეების მხრიდან ამ დერეფნის განვითარებით დაინტერესება ძალიან დიდია. საქართველოსთვის ეს მეტი შესაძლებლობაა, რომ განვავითაროთ სატრანსპორტო ლოგისტიკური კავშირები, მეტი შემოსავალი მივიღოთ ეკონომიკაში", – განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. 2022 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 19,7%-ით გაიზარდა და 736,7 მლნ დოლარი შეადგინა.