საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან - 9 თვის მონაცემები

საქართველოს ხელისუფლებამ 14 პირის სამშობლოში დაბრუნებაზე რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში უარი განაცხადა.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს 3.387 მოქალაქის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, აქედან 14 პირის მიღებაზე საქართველომ რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში უარი განაცხადა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
სამშობლოში ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქის დაბრუნება გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა (2202 ადამიანი), შემდეგ მოდიან საფრანგეთი (468), საბერძნეთი (136), შვეიცარია (132), პოლონეთი (70), იტალია (69) და ნიდერლანდი (61).
შსს-ს ცნობით, იმ 14 პირიდან, რომელთა მიღებაზე საქართველოს ხელისუფლებამ რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში უარი თქვა, შვიდის დეპორტაცია იგეგმებოდა გერმანიიდან, დანარჩენების – ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდიდან, მონტენეგროდან, ჩეხეთიდან და ავსტრიიდან.
თავშესაფარს აღარ მიანიჭებენ: გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა >>
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის.
ელჩი: საქართველო და გერმანია შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს >>
ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია. კერძოდ, გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ, მაგალითად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.
ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
სიახლე ევროკავშირის მხრიდან
თავის მხრივ, ევროკომისიამ უკვე დაიწყო მუშაობა უვიზო მიმოსვლის მექანიზმის გამკაცრებაზე.
როგორც ბრიუსელში განაცხადეს, ახალი წესების მიღება აუცილებელია უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად.
ახალი წესების მიხედვით, ევროკავშირს ექნება მეტი თავისუფლება, რათა საჭიროების შემთხვევაში დროებით შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა.
ევროკომისიის წინადადებით, უვიზო რეჟიმი შეიძლება შეჩერდეს, თუ ბრიუსელი ჩათვლის, რომ მესამე ქვეყნების პოლიტიკამ შესაძლოა ევროკავშირში მიგრანტების რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს.
მიგრაცია: ვის აძლევენ თავშესაფარს საქართველოში >>
როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის სხინასმა განაცხადა, უვიზო რეჟიმს დიდი უპირატესობები აქვს, მაგრამ ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პოლიტიკა არ იყოს ბოროტად გამოყენებული, ხოლო თუ ეს მოხდება, ბრიუსელს ექნება საშუალება იმოქმედოს.
„გასულ წელს ჩვენ მივიღეთ 150 ათასი განცხადება თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებიდან. ცხადია, ეს დიდი რიცხვია. უვიზო რეჟიმი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ გზით", – აცხადებენ ევროკომისიაში.
ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ უვიზო რეჟიმის მქონე 60 ქვეყნიდან ზოგიერთი შეიძლება გამოიყენებოდეს ევროკავშირში არალეგალური მიგრანტების სატრანზიტო ცენტრად.