თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა — ზურაბ აზარაშვილმა და ფაჰრეთთინ ქოჯამ მოაწერეს თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე.
„დოკუმენტის მიხედვით, საქართველო და თურქეთი აქტიურად ითანამშრომლებენ პირველადი ჯანდაცვის, საოჯახო მედიცინის სისტემის განვითარების, გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის კუთხით; ასევე დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯობესების, გლობალური ჯანდაცვის საფრთხეების მიმართულებით“, — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პრეს-სამსახური განმარტავს, აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას ჰოსპიტლების მენეჯმენტის სისტემების შემუშავება-დანერგვაში, ჯანდაცვის ხარისხისა და აკრედიტაციის მექანიზმების დანერგვა-კონტროლში.
გარდა ამისა, მემორანდუმი სამედიცინო ინდუსტრიის სფეროში სტრატეგიულ თანამშრომლობასაც ითვალისწინებს.