თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი ტურისტული პლატფორმა Willy Scharnow Foundation for Tourism საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„საქართველო – სიურპრიზებით სავსე ქვეყანა“ – ასე ეწოდება სტატიას საქართველოზე, რომელიც ტუროპერატორებმა საქართველოში მოგზაურობის შემდეგ გამოაქვეყნეს.
სტატიაში ტუროპერატორი რამონა კრაუსი ამბობს, რომ ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია და 2014 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.
„ქართული ღვინის მომზადება კვერცხის ფორმის თიხის ჭურჭელში 8 ათასი წლის წინ დაიწყეს, მას ქვევრი ჰქვია და სწორი შენახვის მიზნით მიწაშია მოთავსებული. ქართველები ამაყობენ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართული სამზარეულო კი მოულოდნელად ძალიან მრავალფეროვანი და გემრიელი აღმოჩნდა“, – წერს რამონა კრაუსი.
სტატიის ავტორი აქვე დეტალურად აღწერს ქართულ კერძებსა და სუფრის ტრადიციებს.
გარდა ამისა, სტატიაში აღწერილია ექსტრემალური ტურისტული სახეობა – ჯომარდობა ბორჯომის ხეობაში, და თბილისი ძველი უბნებითა და თანამედროვე არქიტექტურით. სტატიაში საუბარია უფლისციხეზეც.
„უფლისციხე აბრეშუმის ძველ გზაზე მდებარე კლდეში ნაკვეთი ქალაქია, რომელიც ქრისტეს შობამდე პირველ ათასწლეულში ჩამოყალიბდა და დღემდე აოცებს მნახველებს მრავალფეროვანი ქვაბულებით, მორთული ჭერითა და მიწისქვეშა გზებით, აქვეა კლდეზე აღმართული ბაზილიკა“, – წერს რამონა კრაუსი.
გერმანელმა ტუროპერატორებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გაცნობითი ტურის ფარგლებში იმოგზაურეს.