თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებს და ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო გააცნო, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
თურნავამ მონაწილეობა მიიღო Bank of America-ს მიერ ჩატარებულ ინვესტორთა კონფერენციაში მარაქეშში.
ქართულმა დელეგაციამ კონფერენციის მონაწილეებს – JP Morgan-ის, Morgan Stanley-ს, Fidelity Management and Research Company-ს, Artisan Partner-ის, Vanguard Asset Management-ის, Abrdn Investment Limited-ის და სხვა საფინანსო და საინვესტიციო ინსტიტუტების წარმომადგენლებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრაზე აღინიშნა სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო საქართველოში, ინფლაციის შემცირებული დონე, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, მიუხედავად გარე შოკებისა, ბოლო წლებში ქვეყანაში დაფიქსირდა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის აგვისტოში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა. 2023 წლის იანვარი–აგვისტოში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7% შეადგინა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ინვესტორებისთვის საინტერესო თემებს, როგორიცაა საბანკო სექტორის სტაბილურობა, დედოლარიზაცია და სხვ.