„ტყუილია" - ვახტანგ გომელაურმა უარყო ინფორმაცია თანამდებობის დატოვების შესახებ

შინაგან საქმეთა მინისტრმა მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უარყო ხმები, რომლის თანახმად მან შეიძლება დაკავებული თანამდებობა დატოვოს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გომელაურმა გადადგომის შესახებ ჭორი უარყო. მინისტრის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე მასმედიაში აქტიურად ალაპარაკდნენ შოვის ტრაგედიის შემდეგ, რასაც 32 ადამიანი შეეწირა. გომელაურს ბრალად დასდეს ის, რომ თურქეთიდან საქართველოში დროულად არ დაბრუნდა, როდესაც ტრაგედიის შესახებ შეიტყო. მის გადადგომაზე ლაპარაკობდნენ 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგაც, როდესაც ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს, რის შედეგადაც 52 ადამიანი დაშავდა.

„ჯერჯერობით არაფერი არ არის და საიდან იგონებთ ამ ტყუილებს?!" – განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს აშშ-ის ახალ ელჩთან რობინ დანიგენთან შეხვედრის შემდეგ.

მინისტრის თქმით, მან ამერიკელ დიპლომატს ახალი დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.
ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2019 წლიდან უკავია. მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო (2015 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 8 სექტემბრამდე).
აშშ-ის ახალი ელჩი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რობინ დანიგანის კანდიდატურა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2023 წლის 14 იანვარს წამოაყენა. აშშ-ის სენატმა დანიგენი, როგორც საქართველოში ახალი ელჩი, 2023 წლის ივლისის ბოლოს დაამტკიცა.
კარიერული დიპლომატი რობინ დანიგენი დამტკიცებამდე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
დანიგენი ასევე მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში.
აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში მუშაობას შეუდგა>>
იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ავსტრიის, ვიეტნამის, ჩილეს, თურქეთის, კუბისა და სალვადორის საელჩოებში.
რობინ დანიგენი საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს, რომელიც ამერიკის დიპლომატიურ მისიას 2019 წლის ბოლოს ჩაუდგა სათავეში.
კელი დეგნანი საქართველოში ელჩად დანიშვნამდე იყო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი. მანამდე კი ხელმძღვანელობდა აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კოსოვოსა და იტალიაში.