თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოზე და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ისრაელის ელჩთან ჰადას მეიცადთან შეხვედრაზე.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები" დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე დიპლომატმა პრემიერს ისრაელში განვითარებული მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა.
პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ებრაელ ხალხს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 2 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს („ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი) განცხადებით, ცაჰალის დაბომბვის შედეგად 2.450 ადამიანია დაღუპული. სხვადასხვა მონაცემებით, „ჰამასის" ტყვეობაში დაახლოებით 150 ისრაელის მოქალაქეა.
შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან საქართველოს საელჩო ისრაელში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. აუცილებლობის შემთხვევაში საელჩო მზადაა საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა საჭირო ნივთებით და თავშესაფრით უზრუნველყოს.