თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga 2023-ში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით 23 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.
სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga 2023 ტრადიციულად ქალაქ კიოლნში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 7-11 ოქტომბერს იმართება.
მასშტაბურ გამოფენაზე საქართველო ორ პავილიონშია წარმოდგენილი. საკვები პროდუქტების პავილიონში გამოფენილია ქართული კომპანიების ნაწარმი: თხილი და თხილის პროდუქტები, ნუში, ნიგოზი, მოცვი, ჯემები, თაფლი, მშრალი ხილი და ჩურჩხელა და ე.წ. ready to eat პროდუქცია.
სასმელების პავილიონში კი წარმოდგენილია: ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები, მინერალური წყალი, ლიმონათი და ჩაი.
გამოფენას ყოველწლიურად საშუალოდ 165 ათასი ვიზიტორი ესწრება და მასში დაახლოებით 7,5 ათასამდე მონაწილეა. გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში და მისი მიზანია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით ქართული დელეგაცია მასშტაბურ გამოფენაში უკვე მეხუთედ მონაწილეობს.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.