მსოფლიო დღეს

ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა

შაბათს დილით ისრაელის წინააღმდეგ ღაზის სექტორიდან მასირებული სარაკეტო იერიში განხორციელდა, ვრცელდება ინფორმაცია 700 დაღუპულის შესახებ
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ისრაელში ამოქმედდა ძირითადი კანონის „მე-40 პუნქტი“, რომელიც ომის ოფიციალურ გამოცხადებას ნიშნავს, იუწყებიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში.
„სამხედრო-პოლიტიკურმა კაბინეტმა გუშინ საღამოს ომის მდგომარეობა და, შესაბამისად, მსხვილი სამხედრო ოპერაციების დაწყება დაამტკიცა. ეს შეესაბამება ისრაელის მთავრობის ძირითადი კანონის მე-40 მუხლს. ომი, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს აიძულეს ღაზის სექტორიდან სასიკვდილო ტერორისტული შეტევის შედეგად, 2023 წლის 7 ოქტომბერს 06:00 საათზე დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
შაბათს დილით ისრაელის წინააღმდეგ ღაზის სექტორიდან მასირებული სარაკეტო იერიში განხორციელდა. ისრაელის არმიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყნის მიმართულებით 3 ათასზე მეტი რაკეტა გაისროლეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰამასის ბოევიკები სამხრეთ ისრაელის საზღვრისპირა რაიონებში შეიჭრნენ. პალესტინის მოძრაობა ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ დაიწყო.
საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ წამოიწყეს.
ელჩი: ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა >>>
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა. „ეს ომია... მტერი ისეთ საზღაურს გადაიხდის, როგორს არასდროს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რეზერვისტების მასშტაბური მობილიზაციის ჩატარების ბრძანება გასცა. ისრაელის სამხედროები დასახლებულ პუნქტებში წმენდას ახორციელებენ.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 700 ისრაელის მოქალაქე დაიღუპა და 2156 დაშავდა.