თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 2023 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულია - მთავრობა წლის ბოლომდე 4,4 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში 1,8 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57,9%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელი 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით – 23,9%-ით მეტი. შემოსავლებმა ტურიზმიდან გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მოგზაურების რიცხვს ტურიზმისთვის რეკორდული 2019 წლის მონაცემებისთვის არ მიუღწევია. 2019 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანას 3,8 მლნ უცხოელი მოგზაური ეწვია.
„უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის ორ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ზრდა პანდემიამდელ ანუ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24%-ს შეადგენს... მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმიდან 4,4 მილიარდ აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, წლევანდელი მონაცემები ქმნის საფუძვლიან მოლოდინს, რომ წლის ბოლომდე საქართველომ 6,6 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლოს, რაც 2019 წლის მონაცემების 70,1% აღდგენაა.
2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოს ეწვია დაახლოებით 2,9 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, რაც 75,9%-ით მეტია 2022 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით. ამასთან, 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით მაჩვენებლები 74%-ით არის აღდგენილი.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროების, კონკურენტული სერვისებისა და ახალი, მიმზიდველი მიმართულებების განვითარება.
მისივე თქმით, ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ერთ-ერთი აღსანიშნი ფაქტორია ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს.
„ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდეა. ჩინეთთან უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი“, - განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. 2023 წლის 12 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველომ უვიზო რეჟიმი დააწესა. მათ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა ტურიზმის მიზნით და ქვეყანაში 30 დღის განმავლობაში დარჩენა.
საქართველოს 2022 წელს ჩინეთის დაახლოებით 7,4 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 69,1%-ით, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელზე 112,8%-ით მეტია. 2020 წელს ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 4,4 ათასი იყო, 2021 წელს – 3,5 ათასი. 2019 წლის პანდემიამდელ პერიოდში ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობამ 48 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა.