როგორი იქნება პარლამენტის ვერდიქტი, ანუ გაწვალდება თუ არა მთავრობა?

პარლამენტში საბიუჯეტო პროცესი დაიწყო. მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ხალხის რჩეულები განიხილავენ. რამდენის დახარჯვას აპირებს მთავრობა მომავალ წელს, როგორია ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები. რას ითხოვს ოპოზიცია?
Sputnik
არახალია, მრავალი წელია, საბიუჯეტო პროცესი ჩვენში კონსტიტუციური ვადების დაცვით იწყება. გამონაკლისი არც მომავალი წლის საფინანსო-პოლიტიკური დოკუმენტია. მთავრობამ სექტემბრის ბოლოსთვის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაასრულა და ოქტომბრის დასაწყისში პარლამენტს გაუგზავნა. ახლა ხალხის რჩეულებს ეკუთვნით სიტყვა, წინ საკომიტეტო განხილვებია, შემდეგ პირველი მოსმენით დამტკიცება ან...
უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საბიუჯეტო განხილვის სავარაუდო ვერსიებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. მანამდე კი ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს გავეცნოთ. მაშ ასე, საინტერესოა, რამდენის დახარჯვას ვარაუდობს მთავრობა მომავალ წელს და რა იქნება პრიორიტეტი.
მთავრობის გათვლებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5,2 პროცენტი იქნება და ეკონომიკის მოცულობა 85 მილიარდ ლარს მიაღწევს. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 8.600 დოლარს გადააჭარბებს. ნაერთი ბიუჯეტის ზომა მომდევნო წელს 27,8 მილიარდ ლარს მიაღწევს. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 21,2 მილიარდი ლარის ოდენობით განისაზღვრა. ეს მთლიანი შიდა პროდუქტის 24,9 პროცენტია. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5 პროცენტს შეადგენს, მთავრობის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 38,2 პროცენტის ფარგლებშია გათვალისწინებული. და, ბოლოს, ყველაზე მთავარი: მომავალ წელს მთავრობა 27,8 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს.
გასული წლების ანალოგიურად, საბიუჯეტო თანხები ყველაზე დიდი მოცულობით კვლავ ჯანდაცვის; სოციალური უზრუნველყოფის; განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით დაიხარჯება. თანმიმდევრულად მივყვეთ.
რას ამბობს „საქსტატი“, ანუ რა ნიშნულზე იყო ინფლაცია სექტემბერში?
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს ასიგნებები 870 მილიონ ლარზე მეტით იზრდება. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 50 ლარით იზრდება და 415 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 498 ლარს შეადგენს. 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 315 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ის 378 ლარს შეადგენს. გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური გასაცემლის 50 ლარით გაზრდა, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა გასაცემლის 20 ლარით მომატება. ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილია მიმდინარე წლის ივლისიდან 200 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება. ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5,6 მილიარდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი ლარი, მათ შორის, დაგეგმილია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10 პროცენტით მომატება. დევნილთა სახლებით უზრუნველსაყოფად ბიუჯეტის პროექტით 230 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 470 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება. კერძოდ, გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურების ხელფასების 10 პროცენტით მომატება. საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 350 მილიონ ლარზე მეტი.
მთავრობას არც ყველაზე პატარები დავიწყებია. მომავალ წელს საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 225 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები.
მთავრობის სხდომაზე მომავალი წლის საფინანსო დოკუმენტის პრეზენტაციისას გაირკვა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა ანაზღაურების სისტემის რეფორმაზეც მუშაობს და ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდება, რომელი კატეგორიის მასწავლებელს რა ოდენობით მოემატება ხელფასი.
რა და როგორ გადაწყვიტეს ეროვნულ ბანკში?
პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები 10 პროცენტით იზრდება. თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 240 მილიონ ლარამდე გაიზრდება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის 330 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
მომავალ წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10 პროცენტით გაიზრდება. ეს 2022 წელს შრომით კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგია.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით 6 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 1,7 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება, 1,9 მილიარდ ლარზე მეტი კი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება. წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მუშაობის გაუმჯობესებას სახელმწიფო 500 მილიონი ლარით დააფინანსებს. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე 700 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება. არ უნდა დაგვავიწყდეს ტურიზმი. შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 170 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია 300 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა.
სოფლის მეურნეობის პროგრამების დასაფინანსებლად 560 მილიონ ლარზე მეტია გათვლილი. გარემოს დაცვის პროგრამებს ბიუჯეტიდან 180 მილიონი ლარი მოხმარდება.
კულტურისა და სპორტის ასიგნებანი 460 მილიონი ლარია.
რას მოიტანს არჩევანის გადავადება ანუ რატომ ხვალ და არა დღეს?!
სავარაუდოდ, პარლამენტის წევრები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებით მთავრობას დაუბრუნებენ. ასე იყო შარშან, შარშანწინ და მრავალი წლის განმავლობაში. რაკიღა წარსული გავიხსენე, მინდა გავაცოცხლო ერთი ეპიზოდი, რომელიც ზუსტად ასახავს 90-იანი წლების პარლამენტში საბიუჯეტო პროცესის პერიპეტიებს. მაშინ საპარლამენტო კორესპონდენტად ვმუშაობდი. მახსოვს, პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხს განიხილავდნენ. დადგა კენჭისყრის დროც. თავმჯდომარემ დეპუტატებს რეგისტრაციისთვის დარბაზში მოუხმო. ის იყო დარბაზის კარი დაიხურა, ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი, პოეტი, ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი წამოდგა, დარბაზს შეწუხებულმა გადახედა და ბრძანა: „ყოველ წელს ბიუჯეტის დასეკვესტრებამ დამღალა, არ შეიძლება, რომ თავიდანვე დაკოდილი ბიუჯეტი მივიღოთ?“ დეპუტატებმა გულიანად იცინეს... ეს დრო, საბედნიეროდ, წარსულში დარჩა.
როგორი იქნება საპარლამენტო ოპოზიციის გადაწყვეტილება, დაუჭერს თუ არა ის მხარს ბიუჯეტის პროექტს? უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში პარლამენტში ბიუჯეტის დამტკიცების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ნაკლებად სავარაუდოა, კენჭისყრისას ხელისუფლების ოპონენტებმა ხელი მწვანე ღილაკს დააჭირონ. თუმცა, ვინ იცის, შესაძლოა ვცდები.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ხალხის რჩეულები 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში განიხილავდნენ. დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკურ და საფინანსო სისტემაში პოზიტიური დინამიკაა. შედეგად, ბიუჯეტის შემოსავლები 256,7 მილიონი ლარით გაიზარდა და 22.170,9 მილიონი ლარი შეადგინა. 431,2 მილიონი ლარით გაზრდილია და 22.311,3 მილიონ ლარს შეადგენს ბიუჯეტის ასიგნებანიც.
რას ამბობს სტატისტიკა? ანუ საფინანსო სექტორის ცხელი ზაფხული
დღის წესრიგში დადაგა ბიუჯეტში შემოსული ჭარბი თანხების გადანაწილების საკითხი. მთავრობამ ცალკეულ სამინისტროთა დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ოპოზიციას განსხვავებული ხედვა ჰქონდა. „მზად ვართ, მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ბიუჯეტის პროექტს მხარი დავუჭიროთ ერთ შემთხვევაში − თუ ამ თანხიდან 400 მილიონი ლარი საპენსიო სესხების გასტუმრებას მოხმარდება“, − ბრძანა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ცოტა ხნის წინ საგანგებოდ შეკოწიწებული „გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მართალია, მისი ეს განცხადება მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას გაჟღერდა, არ გამოვრიცხავ, 2024 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტთან მიმართებაშიც აქტუალური იყოს. ასე რომ, რა გვინდა, რას ვერჩით? მზად ყოფილან... მთავარია, ხელისუფლება თუ არის მზად, რომ სოციალურ დემაგოგიაში აჰყვეს ოპონენტებს. თუ ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს დავუჯერებთ, სახელისუფლებო კაბინეტებში ამგვარი მზადყოფნა არ არის. საპენსიო სესხების განულება არც მომდევნო წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაშია გათვალისწინებული.
„პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულება მიზანშეწონილი არ არის. როცა ჩვენ ვსაუბრობთ პენსიონერების ვალების განულებაზე, ამ შემთხვევაში რას ვშვრებით – მომავალში საპენსიო სესხს ვაუქმებთ? ვთქვათ, 400 მილიონი მოვაკელით სხვა რაღაცას და გადავიხადეთ საპენსიო სესხების განულებაში, შემდეგ რას ვშვრებით? ხვალ ან ზეგ რომ 360 ათასის ნაცვლად 800 ათასმა პენსიონერმა აიღოს სესხი, ვუკრძალავთ სესხის აღებას თუ შემდეგ იმასაც ვფარავთ? რა მიდგომა გვაქვს? თუ რაღაც პროდუქტი არსებობს და იმ პროდუქტის გამოყენება ხვალაც გრძელდება, ამ შემთხვევაში მისი ბიუჯეტიდან გადახდა არ არის სწორი. არ შეიძლება 400 მილიონი გადავიხადოთ იმაში, რა მოცემულობაც ხვალაც შეიძლება დადგეს. მსგავსი თანხა მომდევნო წლის ბიუჯეტშიც არ არის გათვალისწინებული“, − განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
რაკი 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ვახსენე, მოგახსენებთ, რომ მას ხალხის რჩეულები დღეს უყრიან კენჭს და, მაღალი ალბათობით, გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით მიიღებენ. აი, რაც შეეხება მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს, მისი პარლამენტში განხილვებისა და მიღების პროცედურები მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
სამსონ ხონელი