„ეს დემოკრატიის ნაწილია" - თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატიის ნაწილია და არანაირი პრობლემა დემოკრატიის ნაწილის აღსრულებაში არ არის, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო განხილვა მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. პრეზიდენტის თქმით, ვიზიტების მიზანი საქართველოს დახმარებაა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში.

„ზოგადად, საჯარო პირები უნდა იყვნენ კონსტიტუციის დაცვის მაგალითი. საჯარო პირი კონსტიტუციას საჯაროდ თუ არღვევს, რა თქმა უნდა, ყველამ პასუხისმგებლობაც უნდა გაითავისოს. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ დემოკრატიის ნაწილის აღსრულებაში", – განაცხადა ბურჭულაძემ.

ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-შიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი რამდენჯერმე დააყენეს და ამას დემოკრატიისთვის ხელი არ შეუშლია, დაამატა თავდაცვის მინისტრმა.
სასამართლოს სხდომას ესწრებიან საკონსტიტუციო წარდგენის ავტორები – პარლამენტის ოთხი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან": მმართველი პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს თანამედროვე კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი კობახიძე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და დეპუტატები გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - დასახელდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო ვადა>>
საქმეს ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ განიხილავს პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას ხელმძღვანელობით. პლენუმი გადაწყვეტილებას მხარეთა დებატების შემდეგ მიიღებს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
კობახიძე: ზურაბიშვილი აღარ იმსახურებს საქართველოს პრეზიდენტობას>>
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
კობახიძე: პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი უპატივცემულობა გამოავლინა>>
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.