საქართველოს პრემიერმა თავდაცვის ახალი კოდექსი დადებითად შეაფასა

3-4 წელიწადში, სამხედრო მომზადებას წელიწადში 9-10 ათასი წვევამდელი გაივლის, ხოლო ათწლიან პერსპექტივაში საუბარია 100.000 ახალგაზრდაზე, განაცხადა პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. თავდაცვის ახალი კოდექსის მიხედვით, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება, ყველა წვევამდელი სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
22 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო თავდაცვის კოდექსი, რომელიც სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. სამხედრო სამსახური ხდება სავალდებულო სტუდენტებისთვის, რომლებსაც მოუწევთ აკადემიური წლის აღება ან სწავლისა და სამსახურის შეთავსება.
„მთელი რიგი საკითხები მოწესრიგდა და მთელი რიგი გარანტიები ჩაიდო, როგორც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე ზოგადად, წვევამდელებისთვისაც. გაწვევის სამსახური გადადის თავდაცვის სამინისტროში 2024 წლის პირველი იანვრიდან და ასევე მინდა ვთქვა, რომ 2025 წლიდან ყველა წვევამდელი სამსახურს გაივლის თავდაცვის სამინისტროში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 3-4 წელიწადში, სამხედრო მომზადებას წელიწადში 9-10 ათასი წვევამდელი გაივლის, ხოლო ათწლიან პერსპექტივაში საუბარია 100.000 ახალგაზრდაზე.
„ეს აძლიერებს რეზერვის სისტემას და ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ინიციატივები. კიდევ ერთხელ მადლობა პარლამენტს, სამინისტროს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნაში“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ახალ კოდექსში შემუშავდა 6-თვიანი, 8-თვიანი და 12 თვიანი სამხედრო სამსახურის კურსები.
პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი" დაამტკიცა >>
„მინიმალური იქნება 6 თვიანი კურსი. ასევე არის 8 და 12 თვიანი კურსები, იმის მიხედვით, ვის როგორი გეგმები აქვს და სამომავლო კარიერა როგორ უნდა, რომ დაგეგმოს. ასე, რომ წვევამდელები მინიმუმ 6 თვეს გაივლიან ჯარში, თავდაცვის სამინისტროში“, - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება სტუდენტებს, მათთვის საკმარისია ერთი წლის განმავლობაში სამხედრო სამსახურში ერთი თვის გატარება, მათ შორის არდადეგების პერიოდში. შესაბამისად, სწავლის პერიოდში სტუდენტს დაუგროვდება ოთხთვიანი სამხედრო მომზადება, რის შემდეგაც ის სამხედრო სამსახურში ჩაირიცხება და მიიღებს სამხედრო მოწმობას.
გარდა ამისა, ახალი კოდექსის მიხედვით იზრდება სამხედრო მოსამსახურის დაჭრის, დაშავების ან გარდაცვალების გამო დადგენილი კომპენსაციის ოდენობა. ამრიგად, დაჭრის და დასახიჩრების შემთხვევაში ანაზღაურების ოდენობა 7 ათასი ლარის ნაცვლად 20 ათასი ლარამდე იზრდება.
საქართველოს პარლამენტმა თავდაცვის კოდექსის ძირითადი განხილვა დაასრულა - მთავარი სიახლე>>>
გარდაცვალების შემთხვევაში - 30 ათასი ლარი 15 ათასის ნაცვლად.
თავდაცვის კოდექსი აწესრიგებს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვას, სამხედრო პოლიციას, სამხედრო სამსახურს, სამხედრო აღრიცხვას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს, პროფესიულ სამხედრო სამსახურს, თავდაცვის ძალების სამხედრო თადარიგისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურს, სამხედრო განათლებას.