ტურიზმის ოსკარი: ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპაში საუკეთესოა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მადრიდის, ედინბურგის, ბერლინისა და ევროპის სხვა ცნობილ ბოტანიკურ ბაღებს უწევდა კონკურენციას.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა გაიმარჯვა ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მსოფლიო ტურიზმის Warld Travel Awards-ის ღონისძიებაზე, რომელიც ცნობილია როგორც ტურისტული „ოსკარი“.
ბათუმმა 28-29 სექტემბერს უმასპინძლა საერთაშორისო ტურისტულ ფორუმს, სადაც World Travel Awards-ის დაჯილდოების გალა-ცერემონია გაიმართა.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინისა და ევროპული ქვეყნების სხვა ცნობილ ბოტანიკურ ბაღებს უწევდა კონკურენციას.
აღსანიშნავია, რომ World Travel Awards-ის ვერსიით ბათუმი კვლავ დარჩა ევროპის ყველაზე მზარდი ტურისტული მიმართულება.
აჭარაში საზღვაო სეზონმა წარმატებით ჩაიარა - თორნიკე რიჟვაძე >>
World Travel Awards-ს გალა ცერემონიას ბათუმში 20-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ Euronews, Wanderlust, Emerging Europe და EarthPix.
საქართველომ World Travel Awards-ს პირველად უმასპინძლა. ღონისძიებას, რომელიც 28-29 სექტემბერს ბათუმში გაიმართა, ტურიზმის ინდუსტრიისა და მედიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი 24 ქვეყნიდან დაესწრო. აღსანიშნავია, რომ წელს ღონისძიება 30-ე იუბილეს აღნიშნავს.
პრესტიჟული დაჯილდოება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. ნომინანტებს შორის არიან წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.