თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, რომელსაც პარტიის ამჟამინდელ ლიდერთან ლევან ხაბეიშვილთან კონფლიქტი აქვს, თავის მომხრეებთან შეხვედრა დააანონსა, სადაც ამ პარტიაში შემდგომი ყოფნის მიზანშეწონილობაზე იმსჯელებენ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კონფლიქტზე ჯერ კიდევ 2021 წელს ალაპარაკდნენ, როდესაც საქართველოში პარტიის დამფუძნებელი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა და ის დააპატიმრეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები მოიგო ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც მელიას სააკაშვილის გასათავისუფლებლად პასიურ ბრძოლაში ადანაშაულებდა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი ძალოვნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის ხელში მარიონეტს უწოდებს.
„თუ დავრწმუნდი, რომ ერთი პარტიული ნომრის ქვეშ ბრძოლა არის შეუძლებელი, მე ვფიქრობ, ძალას ვიპოვით თავში, პატივი ვცეთ და სხვადასხვა პლატფორმით ვიბრძოლოთ სხვა ადამიანებთან ერთად“, – განაცხადა მელიამ.
მან აღნიშნა, რომ ის და მისი მომხრეები შეიკრიბებიან 7 ოქტომბერს და იმსჯელებენ, დარჩნენ პარტიაში თუ წავიდნენ.
„ნაცმოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.
„მე თუ მკითხავთ, მე მას (მელიას) ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“, იმიტომ რომ იმ პრობლემებმა, რომელიც არის ამ პარტიაში, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ მოგვცა საშუალება, რომ ამ პარტიაში გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმიანობა“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.
მეორე მხრივ, მისი აზრით, მელიას გადაწყვეტილება „ოპოზიციური ფრონტის“ გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს და არა მის დასუსტებას.
„ავტომატური ერთიანობა არ გამოდის, გაერთიანება გამოდის მხოლოდ ბრძოლის და ერთი საერთო მიზნის გარშემო“, – აღნიშნა დეკანოიძემ.
იმის შესახებ, რომ მელიას ადგილი „ნაცმოძრაობაში“ არ არის, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა პარტია „გირჩიდან“ ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
„დიდი ხანია, რაც მელია უნდა წამოსულიყო „ნაციონალური მოძრაობიდან", რაც უფრო სწრაფად გააკეთებს, მით უკეთესი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, მელიას წასვლის შემდეგ გახდება ნათელი, ვინ არის სინამდვილეში „ნაცმოძრაობის“ ლიდერი და ვინ აყალიბებს პარტიის პოზიციას.
„წინა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხმები სააკაშვილის ხმებია, ამიტომ არა მგონია, რომ ბევრი ადამიანი გაჰყვეს მელიას“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
სააკაშვილი მრავალი წელია, არ არის საქართველოს მოქალაქე (არის უკრაინის მოქალაქე), შესაბამისად, ვერ იქნება ქართული პარტიის წევრი და, მით უმეტეს, მას ოფიციალურად ვერ ჩაუდგება სათავეში. მიუხედავად ამისა, ამ წლების განმავლობაში ექს-პრეზიდენტი პარტიის იდეური სულისჩამდგმელია და მოსახლეობაში „ნაცმოძრაობა“ მასთან ასოცირდება.
მელიას ნებისმიერ გადაწყვეტილებას – დარჩეს პარტიაში თუ დატოვოს ის – მხარს დაუჭერს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.
„პარტია არის გამოხატვის ინსტრუმენტი და სადაც უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს, იქ უნდა იყოს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, ყველა ოპოზიციონერს, მიუხედავად იმისა, წარმოადგენენ ისინი რომელიმე პარტიას თუ პარტიის რომელიმე ფლანგის წარმომადგენლები არიან, აერთიანებს ერთი – ბრძოლა ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ და ევროპული მისწრაფება.
„ვინც ამ საქმეში იქნება, ყველა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მათ შორის ნიკა მელია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ხაბეიშვილის „ნაცმოძრაობის“ ლიდერად არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.