თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველომ რუმინეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა მიიღო. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე სრული მხარდაჭერა მივიღეთ. ხაზი გაესვა იმას, რომ რუმინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, მათ შორის, შარშან, ივნისშიც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და რუმინეთის სენატის თავმჯდომარეს, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელსა და ორივე პალატის კომიტეტების წარმომადგენლებს შორის.
როგორც შალვა პაპაუაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ მნიშვნელოვანია ასოცირებული ტრიო შენარჩუნებული იყოს და იქ, სადაც იქნება უკრაინა და მოლდოვა, უნდა იყოს საქართველოც. როგორც გუშინ პარლამენტში, ასევე დღეს პრემიერ-მინისტრისგან შემოთავაზება მივიღეთ მხარდაჭერის არა მხოლოდ ახლა, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ შემდეგ, რასაც ჰქვია კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ სამართალთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, რუმინეთსა და საქართველოს შორის 2022 წელს გაფორმებული ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ სრულად იქნება მხარდაჭერილი რუმინეთის მხრიდან საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პროცესში.
2022 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა სალომე ზურაბიშვილმა და კლაუს იოჰანისმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები კვლავ ადასტურებენ საუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს საქართველოსა და რუმინეთს შორის, ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და იღებენ გადაწყვეტილებას, ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა გადაიყვანონ სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში.
„რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია სამხედრო აღმშენებლობისა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებში, ამ მხრივაც მასთან აქტიური თანამშრომლობა გვექნება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, შავი ზღვაა ის, რაც რუმინეთსა და საქართველოს აერთიანებთ არა მხოლოდ ეკონომიკური და უსაფრთხოების მხრივ, არამედ როგორც ქვეყნებს, რომლებმაც ამ მხრივ შეიძლება ლიდერობა გაწიონ იმისთვის, რომ ხიდი, რომელიც შავი ზღვის და კავკასიის რეგიონის მეშვეობით არის ევროპასა და აზიას შორის, სრულად იყოს გამოყენებული მისი ეკონომიკური პოტენციალის თვალსაზრისით.
აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროებში.