თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ხელშეკრულებები ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე, რომელიც დაიდება ელექტროენერგიის წარმოების პირველ აუქციონში გამარჯვებულ რამდენიმე კომპანიასთან განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა განვითარების სტრატეგიაა, რომელიც მიმართულია მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა ეკონომიკის შექმნაზე, ასევე კლიმატურ ცვლილებებთან და ბუნებრივი რესურსების ამოწურვასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემების გადაწყვეტისკენ.
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით დაინერგა განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
„დამტკიცდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციირებით ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება, რომელიც 6 პროექტს მოიცავს: ჯამური სიმძლავრეა 44 მგვტ; გამომუშავება – 71 მლნ კვტ/სთ; ინვესტიციის მოცულობა – 26,9 მლნ აშშ დოლარი“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ხელშეკრულება, რომელიც 11 პროექტს მოიცავს და რომელთა ჯამური სიმძლავრე 161 მეგავატია, ჯამური გამომუშავება − 661,9 მლნ კვტ/სთ; ინვესტიციის მოცულობა – 218 მლნ აშშ დოლარი.
განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს 10 თებერვალს ჰქონდა გამოცხადებული, 78 განაცხადი იყო წარმოდგენილი. განაცხადების მიღება 2023 წლის 22 მარტს დაიწყო და 27 მარტს დასრულდა.
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აუქციონის მიმართ დაინტერესება ინვესტორების მხრიდან იყო ძალიან მაღალი, ვინაიდან პირველი აუქციონის გამოცხადებულ 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე წარმოდგენილი იყო 900 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის განცხადებები (300 მგვტ განაწილდა შემდეგნაირად: 150 მგვტ ჰესებზე, 70-70 მგვტ ქარისა და მზის ელექტროსადგურებზე და 10 მგვტ ენერგიის განახლებად წყაროებზე მომუშავე სხვა ელექტროსადგურებზე).
აუქციონზე გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც საქართველოში 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროგენერაციის ეს 27 სადგური ამოქმედების შემდეგ ჯამურად შეძლებს ყოველწლიურად 1,1407 მლრდ კვტ/სთ ენერგიის გამომუშავებას, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
ენერგეტიკის განვითარება
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სექტორი უნდა განვითარდეს მზარდი მოხმარების ფონზე.
მთავრობის გეგმაშია დარგის განვითარების დაჩქარება, რისთვისაც უახლოეს 2–3 წელიწადში 3–4 მლრდ დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.