თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მიერ სანქციების სიაში შეყვანილი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოკითხვაზე დაიბარა და იგი უწყებაში იმყოფებოდა, იუწყება „პირველი არხი".
14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სუსმა 15 სექტემბერს ფარცხალაძესთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შესწავლა დაიწყო.
კონკრეტულად როდის იმყოფებოდა ფარცხალაძე სუსის შენობაში და რა მიზნით დაიბარეს ის, ამის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
სკანდალი ფარცხალაძის ირგვლივ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე ზეგავლენის" გავრცელებისთვის.
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან“.
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს აშშ-ის მიერ დაწესებული ამ სანქციების უსაფუძვლობა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.