შენგელია: ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ლარის გაუფასურება გამოიწვია

სიტუაცია მომდევნო კვირის დასაწყისისთვის დასტაბილურდება, თუ ამას არ მოჰყვება სანქციები აშშ-ის მხრიდან, მიიჩნევს ექსპერტი.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო ეროვნული ბანკის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო, კერძოდ, მარეგულირებლის საბჭოს წევრების გადადგომის გამო, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.
აშშ-ის სანქციების სიაში მოხვედრილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილების გაუქმების ფონზე ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობიდან წასვლით გამოწვეულმა სკანდალმა ქართულ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. ქვეყნის მოსახლეობამ ლარის და მთლიანად ქვეყნის საბანკო სისტემის ჩამოშლის საფრთხე დაინახა. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა არ გამორიცხა დევალვაცია, როგორც ეს იყო 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ეროვნული ვალუტა კუპონი იყო.

„ლარის გაუფასურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებას. საბჭოს წევრები რომ არ წასულიყვნენ, ლარის ირგვლივ ასეთი აჟიოტაჟი არ შეიქმნებოდა. მაგრამ მათ გადადგომას მიეცა პოლიტიკური კონტექსტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები და მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ფულადი დეპოზიტები ლარში, უკვე ცდილობენ თანხების დოლარში გადატანას“, – განაცხადა შენგელიამ.

მისი თქმით, დოლარზე მოთხოვნა იზრდება, რამაც ლარის ნახტომისებური გაუფასურება გამოიწვია.
„მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა, ამას ბაზრის სტაბილიზაცია არ მოჰყოლია“, – განაცხადა მან.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მომდევნო კვირის დასაწყისისთვის სიტუაცია დასტაბილურდება, თუ ამ ყველაფერს არ მოჰყვა სანქციები აშშ-ის, კერძოდ კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან.
საქართველოს საფინანსო სექტორი ძლიერი და მყარია - ნათია თურნავა >>
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათს ჩაატარა სავალუტო აუქციონი, სადაც გასაყიდად გამოიტანა 50 მლნ დოლარი, მაგრამ გაიყიდა 37,15 მლნ. ვაჭრობის შედეგად ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2,6884 GEL/$1 შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი ოთხშაბათსაც, 20 სექტემბერსაც ჩაატარა და 20 მლნ დოლარი გაყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2,6841 GEL/$1 შეადგინა.
მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ლარი 1,6%-ით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა 22 სექტემბრისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6879 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
სკანდალი ეროვნული ბანკის ირგვლივ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 სექტემბერს ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ეროვნულ ბანკში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს. მაგრამ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას.
თურნავა: ეროვნული ვალუტით შეგვიძლია ვიამაყოთ>>
უკვე 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. მანამდე პრეზიდენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის მისამართით მუქარაში პირდაპირ დაადანაშაულა. ზურაბიშვილის თქმით, მისთვის კიდევ უფრო მიუღებელი იყო, რომ თურნავა ამ მუქარას დაემორჩილა.
კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან რეგულატორის გადაწყვეტილებაზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მხოლოდ სამართლებრივად შეფასდა ეროვნული ბანკის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ამ სამართლებრივი კუთხით გაიაზრეს.
ზეწოლას ვერ გაუძლეს - თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადადგომაზე>>
მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილება ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას, სადაც ნათქვამია უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ, რადგან იყო დანიშნული სამართლებრივი სასჯელი კონკრეტული პირის მიმართ, თუმცა მისთვის შესაბამისი განაჩენი არ გამოუტანიათ.