თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველო წარმატებით ასრულებს საერთაშორისო სანქციებს რუსეთთან მიმართებით, რაც აღიარებულია უმაღლეს დონეზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოლიტიკური ჯგუფები განაგრძობენ დეზინფორმაციის გავრცელებას, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტრომ უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფების განცხადებებს – რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა, მართავს და აკონტროლებს ფინანსთა სამინისტროს სამსახურებს და უზრუნველყოფს სანქცირებული ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას.
„საქართველოს წარმატებული მუშაობა სანქციების აღსრულების მიმართულებით აღიარებულია უმაღლეს დონეზე, ამის მიუხედავად, არ წყდება ყალბი ინფორმაციები პოლიტიკურად მოტივირებული პირებისგან", – ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ პოლიტიკური ჯგუფი და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, უკვე წელიწადზე მეტია მიზანმიმართულად აზიანებენ სახელმწიფოს ინტერესებს და შეგნებულად ჩრდილს აყენებენ ქვეყნის რეპუტაციას, როდესაც დაუსაბუთებლად ამტკიცებენ, რომ საქართველო არღვევს საერთაშორისო სანქციებს.
„ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქართველო ეფექტურად განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. სამინისტროს ყველა შესაბამის სამსახურს აქვს მუდმივი კონსულტაციები ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან", – ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს ის დადებითი შეფასება, რომელიც უწყებამ სანქციების დაცვის უზრუნველყოფის მხრივ მიიღო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო'სალივანის, აგრეთვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის ჯეიმს ო'ბრაიენის მხრიდან.
მიუხედავად ამ აბსურდული განცხადებებისა, რომლებსაც კონკრეტული, ვიწროპარტიული ამოცანები აქვს, ფინანსთა სამინისტრო და მისი სამსახურები განაგრძობენ წარმატებულ მუშაობას დაკისრებული ვალდებულებების ეფექტურად შესასრულებლად, აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამავდროულად, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტურალ დახმარებას უწევს.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
ოპოზიცია მრავალი თვე ადანაშაულებდა ხელისუფლებას სანქციების თავიდან არიდებაში რუსეთის დახმარებაში, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში, რომლებიც საქართველოში 2023 წლის ივნისში იმყოფებოდნენ, დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მუშაობა.
ფარცხალაძე სანქციების სიაში
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ონიშჩენკო „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში". აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.