თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მსხვილ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტიას „ლელო - საქართველოსთვის“ შორის არანაირი სხვაობა არ არსებობს, სინამდვილეში ეს ერთიანი ორგანიზმია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარტია „ლელომ" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ალტერნატიული ცენტრის – მესამე ძალის შექმნის თაობაზე განაცხადა და ამისთვის კონსულტაციებს მართავს. პარტია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც მანამდე „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი იყო, განაცხადა, რომ მზად არიან კონსულტაციებისთვის იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც იზიარებენ მათ შეხედულებებს და არ არიან დაკავშირებული არც მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
„არანაირი სხვაობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის არც აქამდე ყოფილა. სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ კავშირებზე, რომელიც „ლელოსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის არსებობს", – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მათ შეიძლება დავუმატოთ ოპოზიციური პარტიების „დროას“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერები - ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე, რომლებიც, პაპუაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკა მდგომარეობს იმაში, რომ წარმოაჩინოს, თითქოს ხდება მისი ფრაგმენტაცია (ძალების) სხვადასხვა ფლანგზე გადასროლის მიზნით. სინამდვილეში ეს არის ერთი მთლიანი ორგანიზმი, რომელიც უბრალოდ სხვადასხვა პოზიციიდან უტევს ქართველ ხალხს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მანამდე, 2023 წლის 20 ივლისს ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ 2024 წლის არჩევნებისთვის კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადეს. სექტემბრის დასაწყისში კი არჩევნებისთვის ძალების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს პარტიებმა „დროამ" და „გირჩი - მეტი თავისუფლება".
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.