რას უკავშირდება სტიქიური უბედურებები საქართველოში - ეკოლოგი

საქართველოში ბოლო დროს მეწყრული პროცესები გახშირდა.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ხშირი სტიქიური უბედურებები, მათ შორის საქართველოში, კლიმატის გლობალური ცვლილებების შედეგია, აცხადებს ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე, ეკოლოგი ნინო ჩხობაძე, იუწყება „პირველი არხი".
უხვი ნალექის შედეგად 7 სექტემბერს, ღამით გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათ შორის ორი მოზარდი. ერთი თვით ადრე რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერმა 32 ადამიანი შეიწირა. ერთი დაკარგულის ძებნა დღემდე მიმდინარეობს.

„გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგებია, რასაც ახლა ვიმკით საქართველოში. ტყუილად არ უწოდეს ამას გლობალური კლიმატის კრიზისი. რეალურად, უფრო გვიან ეტაპზე იყო ნავარაუდები, რომ დაჩქარებული იქნებოდა ასეთი მოვლენები", – განაცხადა ჩხობაძემ.

მისი თქმით, ეკოლოგები არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დიდი ხანია აფრთხილებენ ხალხს, რომ სტიქიური უბედურებები დროთა განმავლობაში მხოლოდ გახშირდება.

„არა მარტო ჩვენ, საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სპეციალისტები აფრთხილებენ ხალხს, ვინაიდან გახშირდება ბუნებრივი კატასტროფები, რამაც შეიძლება შექმნას არაორდინალური, ფორსმაჟორული სიტუაციები ბევრ ადგილზე", – განაცხადა ჩხობაძემ.

ეკოლოგის თქმით, ჩვენს რეგიონში ყველაზე დიდი საფრთხე ცენტრალური კავკასიონია და ის, რაც დამახასიათებელია ცენტრალური კავკასიონისთვის, ისევე, როგორც არქტიკისთვის – დნება ყინულები, რაც იწვევს ძალიან დიდ და სერიოზულ პრობლემებს.

„გურიის შემთხვევაზე ვერ ვიტყვით, რომ ყინულოვან საფარზე იყო დამოკიდებული, ეს იყო ნალექის შედეგად მიღებული. უბრალოდ, კლიმატის ცვლილების ფონზე უკვე ვატყობთ, რომ გურიაში ძალიან მკაფიოდ ვითარდება ისეთი მოვლენები, რომლებიც გამოიწვევს ძლიერი მეწყრული პროცესების განვითარება-გააქტიურებას, ისევე, როგორ იქნება დამახასიათებელი მთის მდინარეებისთვის წყალმოვარდნები და წყალდიდობები", – განაცხადა ჩხობაძემ.

მისი თქმით, სახლის აშენებისას ადამიანები უფრო მეტი ყურადღებით უნდა იყვნენ, როდესაც ადგილს არჩევენ, ასევე აუცილებელია „ბუნების მოსმენის“ სწავლა.

„როცა შენ სახლს აშენებ (მდინარის) კალაპოტში, უნდა ელოდო, რომ ის აუცილებლად დაიტბორება წყალდიდობის დროს. როცა ნაპირზე აშენებ კორპუსს, უნდა ელოდო, რომ წყალმოვარდნის დროს შეიძლება გაირეცხოს ან ჩაიქცეს ნაპირი. როცა სახლს აშენებ პირდაპირ მეწყრის ქვემოთ, თან ჩეხ მის ზემოთ ტყეს, უნდა ელოდო, რომ მეწყერი აუცილებლად ჩამოვა", – განაცხადა ჩხობაძემ.

გარდა ამისა, ჩხობაძის თქმით, ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ წელს საქართველომ თავი აარიდა ტყის ხანძრებს, რადგან უცნობია, რა ტემპერატურა იქნება ოქტომბერ-ნოემბერში.

„მე მინახავს ოქტომბერშიც ხანძარი, გააჩნია ტემპერატურას. რასაც ჩვენ ვუყურებთ, სამწუხაროდ, მშრალია მიწა, მიუხედავად ამდენი წვიმისა. არ გამოვრიცხავ, ისეთი კატაკლიზმები განვითარდეს, რომ სექტემბერში იყოს დაბალი ტემპერატურა და ტემპერატურამ აიწიოს ოქტომბერ-ნოემბერში", – განაცხადა ჩხობაძემ.

მისი თქმით, საქართველოში არასაკმარისი რაოდენობითაა დაკვირვების სადგურები მიწის ზედაპირზე, რაც პრობლემაა, რადგან არაა ზუსტი პროგნოზირება, სად იქნება მტკივნეული წერტილი.
რაც შეეხება ნალექის საერთო რაოდენობას, ეკოლოგის თქმით, პროგნოზით, ის შემცირდება. მთლიანობაში ნალექი მოვა ცოტა, მაგრამ ერთჯერადად მოვა იმდენი რაოდენობის ნალექი, რომ ვერ გაატარებს ვერცერთი სანიაღვრე სისტემა, რაც მოხდა თბილისში რამდენიმე კვირის წინ, აღნიშნა მან.
მეწყერი და წყალდიდობა გურიაში - პრემიერი დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა>>
თბილისში 29 აგვისტოს უხვი ნალექი წყალდიდობის მიზეზი გახდა. დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელები, ქუჩები, ზოგან ავტომობილები თითქმის მთლიანად წყალში აღმოჩნდა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, წაიქცა ხეები, გააქტიურდა მეწყრული პროცესები.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 7 სექტემბრის სტიქია გურიაში მთელი ქვეყნისთვის გამოწვევა. სტიქიის კერები დაფიქსირდა ლანჩხუთის რაიონის 15 და ოზურგეთის რაიონის 22 დასახლებულ პუნქტში.
სტიქიური უბედურების ადგილზე 200-მდე მაშველი ჩავიდა. უსაფრთხო ადგილზე ევაკუირებულია 142 ადამიანი. ორ დღეში გეოლოგებმა შეამოწმეს 237 მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და წყლის დაგუბების ცხრა ადგილი.
თბილისში სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების წმენდა გრძელდება>>
სტიქიის პირველ დღეს ოზურგეთის რაიონში ელექტროენერგიის გარეშე 8 ათასი აბონენტი დარჩა, ლანჩხუთის რაიონში – 7 ათასი, ბუნებრივი აირი შეუწყდა 3.627 აბონენტს.
გურიაში სტიქიური უბედურების შედეგად 100 ხიდი დაზიანდა.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: შოვში ღვარცოფის გამეორების რისკები არ არსებობს>>
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.