თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღიად განაცხადა, რომ გაცნობიერებულად დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის უარის მიუხედავად საზღვარგარეთ გაემგზავრა და, უფრო მეტიც, პირობა დადო, რომ მსგავს ვიზიტებს გააგრძელებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ, 7 სექტემბერს ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს დაემორჩილოს ვიზიტების განხორციელებაზე მთავრობის აკრძალვას. „მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება", – განაცხადა მან. იმ დროისათვის „ქართულმა ოცნებამ" უკვე დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა, რადგან, მათი თქმით, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.
„მან მისცა პირდაპირი ჩვენება საკონსტიტუციო სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ ის განზრახ, შეგნებულად, მიზანმიმართულად არღვევდა კონსტიტუციას და მან ასევე პირობა დადო, რომ გააგრძელებს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია", – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა საზღვარგარეთ ვიზიტების დაფინანსების თემაზე.
„არ ვიცი, ვინ ურჩია ეს მას, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველია იმპიჩმენტის საკითხი. ეს არის პირდაპირი აღიარება. რა თქმა უნდა, მას რომ გაეწია ბიუჯეტის ხარჯი არაკონსტიტუციურ ვიზიტთან მიმართებით, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა, ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც", – განაცხადა კობახიძემ.
ზურაბიშვილის თქმით, რომელმაც 31 აგვისტოდან დაიწყო ვიზიტები გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში, მან ეს ვიზიტები საზღვარგარეთ თავისი ხარჯით განახორციელა, რათა იქ „მნიშვნელოვანი შეხვედრები" გაემართა. მან ასევე აღნიშნა, რომ იმედი აქვს, სამ თვეში მოიაროს ევროპის ყველა დედაქალაქი და იქამდე ქართველი ხალხის სურვილი მიიტანოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
მთავრობის უარი საზღვარგარეთულ ვიზიტებზე იმით იყო დასაბუთებული, რომ ზურაბიშვილი მხარს უჭერს ოპოზიციის ნარატივს და აკეთებს განცხადებებს, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციას აზიანებს – რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ევროკავშირის პირობების შესრულებისთვის. თავად ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ევროპაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აგიტაციისთვის გაემგზავრა.
რაც შეეხება იმპიჩმენტს, მმართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად, პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 83 მანდატი აქვს.
როგორც „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, გასაგებია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიღწევა არარეალურია, მაგრამ თვალის დახუჭვა ქვეყნის მთავარი კანონის უხეშ დარღვევაზე არ შეიძლება.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.