მსოფლიო დღეს

G20-ის სამიტის წინ ჩინეთმა უკრაინის საკითხში პოზიცია შეარბილა

Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ ჩინეთმა შეარბილა თავისი პოზიცია უკრაინის საკითხის მიმართ, რამაც G20-ის ქვეყნებს ერთობლივ ფორმულირებაზე შეთანხმების საშუალება მისცა, იუწყება სააგენტო Bloomberg ფრანგ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა წერს, ჩინეთი მანამდე ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა და ღიად არ უჭერდა მხარს რუსეთს, თუმცა ამით „ფაქტობრივად მოსკოვისთვის მოჰქონდა სარგებელი“. ახლა კი, წყაროს თქმით, ჩინელმა დიპლომატებმა, რომლებიც G20-ის შემაჯამებელი კომუნიკეს მოსამზადებელ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, უკრაინის საკითხში „ბევრად რბილი პოზიცია დაიკავეს“.

„G20-ის ყველა ქვეყანა უკრაინაში ომის მიმართ ერთიან მიდგომაზე შეთანხმდა“, — აღნიშნა წყარომ, თუმცა სხვა დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ახლა კომუნიკეს საკითხში რუსეთთან კომპრომისის მიღწევა იქნება საჭირო.
ამასთან სააგენტოს წყარო ხაზს უსვამს, რომ ინდოეთი, რომელიც სამიტის მასპინძელია, უარს ამბობს უკრაინაში რუსეთის ქმედებების დაგმობაზე და G20-ს ისეთი ერთობლივი განცხადების პროექტს სთავაზობს, რომელშიც მოსკოვის ნაბიჯები შეფასებული არ იქნება.
მსოფლიო დღეს
ბაიდენი სი ძინპინის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია
G20-ის სამიტი 2023 წლის 9-10 სექტემბერს ჩატარდება ნიუ-დელიში. ღონისძიებას არ ესწრებიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი. რუსეთს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს, ჩინეთს კი პრემიერ-მინისტრი ლი ციანი.
სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი, ისარგებლებს რა პუტინისა და სის სამიტზე არყოფნით, გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან მუშაობის გააქტიურებას გეგმავს.
წყარო: Bloomberg