თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. თავის ტკივილის მიზეზი, რაც ზოგჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა სეზონური ცვლილებები ან სხვა გარემო პირობები იყოს, წერს Turkiye Gazetesi სპეციალისტებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, არსებობს სამი სახის თავის ტკივილი: დაძაბვითი, შაკიკი და კლასტერული.
დაძაბვით თავის ტკივილს უმთავრესად სტრესი იწვევს. საქმე ისაა, რომ სტრესის შემთხვევაში კისრისა და მხრების კუნთები იკუმშება და ამ ზონაში დისკომფორტი ჩნდება. გარკვეული დროის შემდეგ ეს ტკივილი შესაძლოა თავზეც გავრცელდეს.
ასეთ შემთხვევაში მდგომარეობა შეიძლება შეამსუბუქოს კისრისა და თავის მასაჟმა, ასევე ნოტიო, თბილმა საფენებმა.
შაკიკის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. თუმცა ცნობილია, რომ შაკიკის მაპროვოცირებელი ფაქტორები, გარდა სტრესისა, ალკოჰოლისა, დაღლილობისა თუ ამინდის ცვლილებისა, ასევე შეიძლება იყოს ზოგი პროდუქტიც. განსაკუთრებით: პარკოსნები, თხილეული, რძის პროდუქტები, ავოკადო, ყველი, შოკოლადი, თავი ხახვი, კვებითი საღებავებისა და დანამატების შემცველი მზა საკვები.
კლასტერული თავის ტკივილის გამომწვევი ძირითადად გარემო პირობებია, მაგალითად, ჰაერის მაღალი ტენიანობა, ცივი ამინდი, ძლიერი სიცხე, სიგარეტის კვამლი, მკვეთრი სუნები...
ეს ყველაზე გავრცელებული და ამასთანავე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. როგორც წესი, თავს იჩენს გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამ დროს ტკივილი ძირითადად თვალის ირგვლივაა ლოკალიზებული, თუმცა შესაძლოა გავრცელდეს საფეთქელზე, შუბლზე, ლოყაში, ცხვირში ან ღრძილებში.
რაც შეეხება თავის ტკივილის გამომწვევ ზოგად მიზეზებს, ეს შეიძლება იყოს:
ჰორმონლური ცვლილებები,
კოფეინის ნაკლებობა,
ძილის ნაკლებობა,
გაუწყლოება.
ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილ მომენტებზე ყურადღებას გაამახვილებთ, თავის ტკივილს არათუ შეიმსუბუქებთ, არამედ საერთოდაც აირიდებთ თავიდან.
ამიტომ: იძინეთ საკმარისად, იკვებეთ დროულად და დაბალანსებულად, სვით საჭირო რაოდენობის წყალი და შეეცადეთ ნერვიულობასაც მოერიდოთ.
წყარო: Turkiye Gazetesi