საქართველო მზადაა გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის - ირაკლი კობახიძე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად უნდა იყოს მზად.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველო პირველი იქნება ევროკავშირში გაწევრიანების 10 კანდიდატ ქვეყანას შორის, ვინც გაერთიანების წევრი გახდება 2030 წელს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ათ ქვეყანას აქვს შეტანილი, ესენი არიან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მოლდოვა, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი, უკრაინა და მონტენეგრო. აქედან კანდიდატის სტატუსი არა აქვთ მხოლოდ საქართველოსა და კოსოვოს. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, წევრობის პროცედურებზე მოლაპარაკებებში ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწიეს თურქეთმა, მონტენეგრომ და სერბეთმა.

„პირობითად რომ ავიღოთ 2030 წელი, თუ ვინმე იქნება მზად ამ 10 ქვეყნიდან, რომ 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, პირველი იქნება საქართველო თავისი ეკონომიკური მოცემულობით, დემოკრატიული სისტემით და აბსოლუტურად ყველა მაჩვენებლით“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად გადადგამს ყველა შესაბამის ნაბიჯს, აღნიშნა მან.

„2030 წლისთვის საქართველო იქნება პირველი და მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის წევრობის ამბიცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ხელისუფლება კი – არა. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია პროდასავლურ კურსს და პრაქტიკულად არაფერს აკეთებს ევროკავშირის პირობების შესასრულებლად, რათა ქვეყანამ სტატუსი მიიღოს.

„ევროკავშირის ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია, რას აკეთებს ხელისუფლება. ხელისუფლება და ხალხი არის ერთი და იგივე, რადგან ხალხი ირჩევს ამ ხელისუფლებას“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ უკვე 2023 წლის დეკემბერში მიიღოს, აღნიშნა მან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის მზად უნდა იყოს გაფართოებისთვის. ამავე დროს, ევროკომისიის პრეს-მდივნის მოადგილემ დანა სპინანტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი დამოკიდებულია წევრობის კრიტერიუმების შესრულებაზე, ამიტომ ევროკომისია ორიენტირებულია არა თარიღზე, არამედ კანდიდატი ქვეყნების მიერ რეფორმების რეალიზაციის მხარდაჭერაზე.
გზავნილები დამაბნეველია - მამუკა მდინარაძე ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებზე>>
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა კი აღიარა, რომ კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გახდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა წინაპირობას შეასრულებენ, თუმცა, მხარი დაუჭირა ამ პროცესისთვის დამატებითი იმპულსის მიცემისთვის გარკვეული „ჰორიზონტის“ მონიშვნას.
ევროკავშირში შესასვლელად თითოეული კანდიდატი ქვეყანა უნდა შეესაბამებოდეს Acquis communautaire-ს – სამართლებრივ კონცეფციას ევროკავშირის სამართლებრივი ნორმების სისტემაში.
სამართლებრივი კონცეფცია მოიცავს 33 პუნქტს, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს საერთო საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების პოლიტიკას, სოციალურ პოლიტიკასა და შრომის საკითხებს, ფინანსურ და საბიუჯეტო რეგულირებას, პოლიტიკას ინდუსტრიის სფეროში, განათლების სისტემაში, რეგიონულ პოლიტიკაში და სოციალური ინსტრუმენტების კოორდინაციაში, ასევე საბაჟო პოლიტიკას.
ვოლსკი: ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად>>
თურქეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 1999 წლიდან აქვს, ჩრდილოეთ მაკედონიას – 2005 წლიდან, მონტენეგროს – 2010, სერბეთს – 2012 წლიდან. ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანდა ხორვატია – 2013 წელს. პროცესს 10 წელი დასჭირდა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
მაჭარაშვილი: შარლ მიშელის განცხადება საქართველოში ევროსკეპტიციზმს უწყობს ხელს>>
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.