თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველო და გერმანია მიგრაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების პროცედურების დასრულების შემდეგ, განაცხადა საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლევან იზორიამ.
2023 წლის 30 აგვისტოს გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის ინიციატივას. საბოლოო გადაწყვეტილება გერმანიის პარლამენტის ორმა პალატამ უნდა მიიღოს. კანონპროექტის ინიციატორი შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფაიზერია.
„როგორც კი კანონპროექტს მიიღებენ, გაფორმდება მიგრაციის შესახებ შეთანხმება, რომელშიც დადგინდება გარკვეული სფეროები და ამ სფეროებში გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი ჩვენი მოქალაქეების დასაქმების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა იზორიამ.
როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, ქვეყანა უსაფრთხოდ ითვლება, თუ მის მოქალაქეებს არ ემუქრება დევნა რომელიმე რასის, რელიგიის, ეროვნების, სოციალური ჯგუფის კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.
შესაბამისად, რეალური მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი აღარ მიენიჭებათ, ხოლო თავშესაფრის მინიჭების თხოვნის განაცხადის განხილვის დრო შემცირდება.
საქართველო უსაფრთხო ქვეყნად უკვე აღიარეს ირლანდიამ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, ნიდერლანდმა, საფრანგეთმა, ბულგარეთმა, ავსტრიამ, ლიხტენშტეინმა და ისლანდიამ.
დღეს საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს ლეგალური დასაქმების პროგრამა, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გერმანიაში ლეგალურად დასაქმდნენ სეზონურ სამუშაოებზე.
2021 წელს გერმანიაში სამუშაოდ საქართველოს 308 მოქალაქე გაემგზავრა, 2022 წელს – 1.231 ადამიანი.
ამასთან, ყველაზე აქტუალურ საკითხად რჩება გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა. 2022 წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 8.865-მა მოქალაქემ ითხოვა.
დღეისათვის საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს შეთანხმება არალეგალი მოქალაქეების რეადმისიის შესახებ. 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით გერმანიიდან საქართველოს 788 მოქალაქე გააძევეს.
2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოკლევადიანი მოგზაურობის უფლება (ჯამში 90 დღე 180 დღის განმავლობაში) ტურისტული, საქმიანი და ახლობლების მონახულების მიზნით.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან ასეთმა დარღვევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უვიზო რეჟიმს.
ქვეყანაში მიღებულია არაერთი ზომა სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად. კერძოდ, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ. საქართველოს მოქალაქეების რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად ამ მოქალაქეებს ეკისრება.
გარდა ამისა, გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა, დაწესდა სისხლის სამართლის სასჯელი არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის.