თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას, როდესაც დედაქალაქში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა – ასეთია საქართველოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემები.
გუშინ ძლიერმა წვიმამ და ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. დედაქალაქში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები, მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. რიგ შენობებში, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სახურავიდან წყალი ჩავიდა, ასევე წყალმა გაჟონა მეტროპოლიტენის გვირაბებში. გარდა ამისა, ქალაქში გააქტიურდა მეწყრული პროცესები.
სააგენტოში აღნიშნეს, რომ 2015 წლის ივნისისგან განსხვავებით, 29 აგვისტოს ნალექმა თბილისის მთელი ტერიტორია მოიცვა.
ქართველმა სინოპტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ სააგენტოს სოციალურ ქსელში სისტემატურად ქვეყნდება. გარდა ამისა, უწყება ინფორმაციას ამინდის გაუარესების შესახებ ყველა შესაბამის უწყებას უგზავნის.
წვიმამ თბილისში სამ საათს გასტანა. მას თან ქარი ახლდა. ყველაზე მეტად ძლიერი წვიმისგან გლდანი დაზარალდა.
მობილიზებული იყო მერიის რაიონული სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მერიამ მოსახლეობას მოუწოდა, არ გასულიყვნენ ქუჩაში კოკისპირული წვიმის შესაძლო შედეგების გამო.
წვიმისა და ქარისგან დაზარალებულებისთვის მუშაობს „ცხელი ხაზი" 2 72 22 22.
2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა. მაშინ სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ ორი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაიკარა. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდა. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი–ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.
ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.