თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოვში სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება (სავარაუდოდ, გულის შეტევით) დაგვიანებულ სამედიცინო ჩარევას უკავშირდება.
თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსი ინსტრუქტორი, 1973 წელს დაბადებული თემურ ხარჩილავა შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან (10:55 სთ) 10 წუთში გამოცხადდა, მაგრამ სამხედრო მოსამსახურე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
„ცალკეული მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში განმარტეს, რომ სტიქიის ზონაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების ოთხი ბრიგადა. ამას გარდა ონისა და ამბროლაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებთან მობილიზებულია ორი რეანომობილი.
უწყება მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახის წევრებს.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. მაშველებმა პირველივე დღეებში სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, აქედან 29 იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს ორი ადამიანის დნმ-ის კვლევა. მაშველები კიდევ ორ ადამიანს, არსებული ინფორმაციით, ბავშვებს ეძებენ.
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მაშველები, სამხედრო მოსამსახურეები, კინოლოგთა ჯგუფები, მძიმე ტექნიკა და საცურავი საშუალებები.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.