მსოფლიო დღეს

ახალი iPhone 15 ინდოეთში დამზადდება: Apple-ს პროდუქცია შესაძლოა გაძვირდეს

Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ამერიკული კორპორაცია Apple-ის პროდუქცია შესაძლოა გაძვირდეს აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების გამო, წერს სააგენტო Bloomberg.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის Apple-საც, აიძულებს, რომ წარმოება ჩინეთიდან აზიის სხვა ქვეყნებში გადაიტანონ, ხოლო გლობალური მიწოდების ჯაჭვის გაყოფამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საქონლის ღირებულებაზე. ახლა Apple-ის პარტნიორების დაახლოებით 80% ჩინეთთან არის დაკავშირებული.
ამავე დროს ჩინეთში Apple-თან დაკავშირებული კომპანიების საწარმოების რაოდენობა კი არ იზრდება, არამედ ნაწილდება აშშ-ის ახალ პარტნიორებს შორის — ინდოეთს, ვიეტნამს, ტაილანდსა და სხვა აზიურ ქვეყნებს შორის, სადაც მუშახელი იაფია.
არსებული ცნობით, კომპანიის მინიმუმ 15 კონტრაქტორი ახლა ინდოეთშია კონცენტრირებული და iPhone 15-ის ახალი მოდელიც ამ ქვეყანაში იქნება დამზადებული.
ჩინეთი წლების განმავლობაში იყო წარმოების მთავარი ჰაბი უმსხვილესი კომპანიებისთვის — როგორც შიდა, ისე დასავლურ ბაზრებზე. თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კომპანიები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ ჩინეთის მეზობლებს.
მთავარი ფაქტორი, რომელმაც ჩინეთზე დამოკიდებულება შეამცირა, იყო აშშ-ის სავაჭრო ომი ჩინეთთან, რომელიც 2018 წელს დაიწყო. ამ დროისათვის ვაშინგტონი განაგრძობს პეკინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ამას სავაჭრო ინტერესების დაცვით ხსნის.