თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ედინბურგის სტადიონზე მსოფლიო თასის დაწყებამდე ბოლო ტესტ-მატჩში შოტლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 6:33 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები თამაშის პირველი წუთებიდან ლიდერობდა და დაწინაურდა კიდეც (6:0). მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს შოტლანდიელებმა და ტაიმის პირველ ხუთ წუთში ორი ლელოს დადება მოახერხეს, ორივე ზუსტად გარდასახეს და 14:6 დაწინაურდნენ.
შოტლანდიელები აქტიურობას განაგრძობდნენ და მე-60 წუთზე კიდევ ერთი ლელო და გარდასახვა მიითვალეს და უპირატესობა გაზარდეს.
საქართველოს ნაკრებმა თამაშის ბოლომდე ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხა - 6:33.
ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაასრულეს ორი გამარჯვებით (56:6 - რუმინეთთან და 22:7 - აშშ-თან) და ერთი წაგებით (შოტლანდია).
მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში (Rugby World Cup 2023) 2023 წლის 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ერთ ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და პორტუგალიასთან ითამაშებს. ქვეყნის ათ ქალაქში 48 მატჩი გაიმართება.
ახლა ლევან მაისაშვილის გუნდი გაემგზავრება საფრანგეთში და განაგრძობს მზადებას მსოფლიო ჩემპიონატისთვის. საქართველოს ნაკრები 9 სექტემბერს ავსტრალიას დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:
9 სექტემბერი - ავსტრალია - საქართველო
23 სექტემბერი - საქართველო - პორტუგალია
30 სექტემბერი - ფიჯი - საქართველო
7 ოქტომბერი - უელსი - საქართველო.