თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. მაშველებმა ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში ადამიანების ძებნის სამუშაოების პარალელურად შოვის უბედურების ზონაში მოყოლილი ადამიანების ბევრი პირადი ნივთი იპოვეს, მათ იმედი აქვთ, რომ კიდევ ორი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის პოვნასაც შეძლებენ.
ნაპოვნ ნივთებს შორისაა პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა, საყოფაცხოვრებო ნივთები.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიური უბედურების ეპიცენტრში უკვე დამუშავებულია მთელი ტერიტორია, ძებნა გრძელდება ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისათვის აღმოჩენილია 31 ადამიანის ცხედარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიური უბედურებიდან 23-ე დღეს საძიებო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. საძიებო სამუშაოების ზონა "გუმათჰესის" ტერიტორიას აღწევს.
საძიებო სამუშაოებში ჩართული არიან მაშველები, სამხედროები, კინოლოგების ჯგუფები, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.
მაშველებმა პირველივე დღეებში სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.